ყვითელი


შემოდგომის გოგოებს მზეები უყვარდათ.
ზაფხულები უყვარდათ შემოდგომის გოგოებს.
ცხელ ქვიშაზე ფეხშიშველი სიარული.
გულაღმა წვებოდნენ და მზეებით ივსებოდნენ.
თვალებს ხუჭავდნენ და მზეებით ივსებოდნენ.
ხორბლისფერი ზღვა ურწევდათ
ტროპიკული სურნელით გაჟღენთილი სიზმრებს..
ოქროს სხივებად იგროვებნენ ხელისგულებში,
შინ მიჰქონდათ ყოველ ალიონზე,
სულს უბერავდნენ და სათითაოდ აწყობნენ წიგნის თაროებზე.
მოგონებები რა შუაშია -
ნათელი მომავლები ედგათ თვალებში.
სინანულები რაშუაშია -
დღევანდელი დღეებით ინთებოდნენ ვარსკვლავები.
დადიოდნენ. 
ბევრს დადიოდნენ..
სიცილით დადიოდნენ შემოდგომის გოგოები.
ბილიკებს კვალავდნენ დედამიწის გარშემო.
მწვანე ბალახებზე ეძინათ.
მერე გაშეშდნენ. ხეებად გადაიქცნენ.. გახევდნენ.
სიზმრები გაუყვითლდათ და ფოთლებივით დასცვივდათ.
ტოტები შემოიხვიეს სხეულზე, სახეზე, თვალებზე..
დადუმდნენ..

აღარ ყვავილობდნენ - გაზაფხულები შეიძულეს.
აღარ იფოთლებოდნენ - ზაფხულები შეიძულეს.
თმაში ფიქრები გაუშავდათ.
ქარი მოდიოდა და კანს აცლიდა.
მოდიოდა ქარი და ძირს უთხრიდა.
მზერა იყო და მერქანი ეწვოდათ.
თვალი იყო და ფესვები ლამობდნენ მიწაში ჩათრევას.
ვერ გაქრნენ.. 
ვერ გახმნენ.. 
ვერ გატყდნენ..

ქარები ჩაისახლეს მერქანში და გაზარდეს.
თავიანთი წვენით კვებეს და გამოშრნენ.
ქარები იზრდებოდნენ - ხეები იშლებოდნენ..

როცა ზამთარს
თოვლი ფიქრივით გამოექცეოდა,
როცა ქარი
ნამდვილ საძირკველში ჩადგებოდა,
ცხოვრება იყო გრძელი ზამთრის თეთრი სიზმარი
ხეების თავზე.. 
როგორც ნაღველი.
.
რატომ იზრდება ზამთრის ღამე დაღლილ თვალებში?!
ჩამდგარი ქარი, ნაიარევს რატომ აღრმავებს.?!
ან რატომაა ის ამბავი ასეთი მლაშე,
შენი რომ არის,
სიცილით კი 
სულ სხვა გიამბობს..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი