La Belle Nuit - ლამაზი ღამე


La Nuit Belle! ისე შეგეჩვიე, თეთრად გათენებ.
ახლა სიზმრებსაც ფხიზლად ვხვდები, 
ცხადად შევიგრძნობ.
და შენობებზე მოქანავე, მოხრილ ანტენებს,
ცა შემოახვევს ვარსკვლავებით მორთულ ნეილონს.

ისე უღმერთოდ დაგიჩემე, მხოლოდ ჩემი ხარ.
სისხლში დამიდის ფრთაგაშლილი ზღვის პელიკანი.
სივრცეში ექოდ გააჟღერა სულმა - ''ევრიკა''!
სამყაროს ამცნო,
რომ გიპოვა.
რომ შეუყვარდი.

La Nuit Belle! ისე შორს მგონიხარ, როგორც ტოკიო.
გამათბობს რუხი, წვიმიანი ღამის პარიზი.
ბნელ ზეცას კვამლი მოუხდება, - 
უნდა მოვწიო...
დავჯდები მაღალ სახურავზე,
ჩუმად დაგიცდი.

La Nuit Belle! უჩვეულო სუნი აქვს ლოდინს.
და შენმა გულმა - სავსე მთვარემ მე დამიტია.
ნეტავ, რამდენი წვიმა მოვა,
რამდენი თოვლი?!?!
ან ის თუ იცი, ჩემს მზერაში რა ამინდია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი