ემიგრანტი (ასი სიტყვა)
დიდი, მწვანე ავტობუსით დაბრუნდა სამშობლოში. ხელში, მხოლოდ, ერთი ჩემოდანი და წყლის ბოთლი ეჭირა. მოხრილიყო. დაპატარავებულიყო. თუმცა, ისეთივე ლამაზი, კრიალა ცისფერი თვალებით იყურებოდა. ოცდაშვიდი წელი მთელი ცხოვრებაა ზოგისთვის. ის ბავშვობაში დაბრუნდა. შვილმა ხელი ჩაჰკიდა. სახლში წაიყვანა. მას შემდეგ, ასე დაჰყავს - ხელჩაკიდებული. თქვა კიდეც, პატარა ბავშვი მყავსო სახლში. მოფრთხილება და დაყვავება სჭირდება. თბილი წინდები და ტკბილეული.. მხოლოდ ყვავილებს და ცხოველებს ეკონტაქტება.. ვარდებს დღეში სამჯერ უსხამს წყალს. ავიწყდება და ნერვიულობს- წყალი არ დამისხამს, არ გახმნენო.. ლამაზ სამკაულებს იკეთებს და ყავის ჭიქას ჩასცქერის, როგორც ფერწეულ ტილოს.. ბიჭის საფლავზე წასვლა, ჯერ არ მოუთხოვია. არავინ იცის რას ფიქრობს. იქნებ, ისევ ელოდება, როდის დაბრუნდება ჯარიდან, მონატრებულ დედასთან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი