თავის თავში


#თავის_თავში

          უცნაური ვინმეა ჩემი კარის მეზობელი. უთქმელი და უჭმელი, უჟმური და უნიათო. ეს გარედან, თორემ გული კი აქვს ოქროსი. სულს ამოიღებს და მოგცემს, მაგრამ რად გინდა, ახლოს არავის ეკარება და არავის იკარებს. მე თუ გამომელაპარაკება და ისიც წელიწადში ერთხელ. თვალყურს სულ ვადევნებ, ვშიშობ თავს არაფერი აუტეხოს.

დილით სარკეში ჩაიხედა. - '' როგორ გამხდარხარ, უბედუროო. როგორ გაუფერულებულხარ ნაზამთრალი ცასავითო'' - მიაძახა ორეულს.
სამი დღეა არ ჩაუხედავს, არც თმა დაუვარცხნია. აღარც სახლს ალაგებს... თავზე აყრია არეული ოთახი და მტვრიანი ფურცლები... '' როდემდე ვალაგოო - ამბობს - სახლის დალაგებას  ცხოვრების დალაგება გვესწვლა ადამიანებს არ ჯობდაო?!''

გარეთ მხოლოდ ღამით გადის, გეგონება ხალხს ემალება და მათი დანახვა არ უნდა.  ''ლამაზი ხარო, - ეუბნებიან - ჭკვიანიც ხარო... სხვა შენს ადგილზე მხრებში გაიშლეობდა, თავს მაღლა ასწევდა და მაღლა მზეს და დაბლა მტრებს თვალებს დასთხრიდაო...''  
''მერე და ვის რაში არგია ჭკუა და სილამაზე, ადამიანებმა სახე დაკარგეს და ღმერთმა სამართალი, მთელი ცხოვრება დაბლა ვიყურები და ცას ისედაც მშვენივრად ვხედავ, ერთხელ ავიხედე და მიწა და შავი ღრუბელი დავინახე, ჩემი ცა კი მუდამ ლურჯია. 
თავდახრილი კაცი სწვდება მხრებით ზეცას თორემ, სად გინახავთ ცხვირის სადმე (ჩ)აყოფით კაცს ხეირი დასდგომოდესო.'' - მერე ეშმაკური ღიმილით დაამატებს - ''მხრებში თუ გავიშალე, მერე ფრთებსაც გავშლი და გავფრინდებიო.''

უცნაურია და თავადაც ამჩნევს, ამიტომაცაა მთელი დღე ოთხ კედელს შუა.. არც დუმილი აწუხებს და არც უმზეობა. - ''ჩემი მზე დიდი ხანია გამოვრთე, ვეღარ მათბობდა და რად მინდოდაო. ღამე უფრო მყუდროა და თბილი, არც გერჩის და არც სულს გიშიშვლებს. მე ბედნიერი ვარ, რაც მინდა ყველაფერი მაქვს... მერე რა, თუ ზღვას ვერ ვხედავ. ჩემი წილი ზღვა ჩემშია და მყოფნის. ზღვა ისეთი მწამს საითაც მზე ჩადის, თორემ ზღვიდან ამომავალი მზე დიდი ვერაფერი. ჩემი წილი ყველაფერი თან დამაქვს, მზეც და ვარსკვლავებიც, მზის დასანახად გათენებას არ ვუცდი და ვარსკვლავებისთვის დაღამებას... რისიც გწამს ისედაც დაინახავ... დახუჭავ თვალებს და დაინახავო.''

წევს ასე, მთელი დღე გულაღმა და უცნაურ მუსიკას უსმენს. ლუკმას არ ჩაიდებს, წერს რაღაცას და გეგონება ამ ნაწერებით იკვებება. ერთი შოკოლადი უყვარს, ''სავსეს ეძახის'' (ბევრი თხილი, ქიშმიში და რომი აქვს და ალბათ ამიტომ)  ... წაატეხავს პატარას, გაიღიმებს და ჩაილაპარაკებს - '' ჩემი სავსე შოკოლადი, ცარიელი შოკოლადიც არ მიყვარს და ადამიანებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტიაო.''

გუშინ ღამით გავიგონე ყვავს ელაპარაკებოდა. ფანჯარასთან იდგა და მავთულზე ჩამომჯდარ ყვავს ებუტბუტებოდა...  - ''რატომ დამჩხავი ყვავო, რა გინდა, თავს მაინც არ მოვიკლავო, ლაჩრებს სად შეუძლიათ თავის მოკვლა, ეგ ძლიერების და უშიშრების საქმეა. მე კი ლაჩარი ვარ. ნარკოტიკივით შევეჩვიე ცხოვრებას და თავს ვეღარ ვანებებ. უნებისყოფო და მშიშარა ვარო.''

ერთხელ მეც მითხრა ეს სიტყვები, შემბრალებლური თვალებით ვუცქერდი და მომახალა - ''ნუ ფიქრობ, რომ თავს მოვიკლავ, არასოდეს, არასოდესო.'' - მთელ სხეულში დენმა გაიარა, თითქოს ჩემი ფიქრები წაიკითხა. მაშინებს მის სიახლოვეს ფიქრი, სულ მგონია აზრებს ამომწიწკნის თავიდან.
    - ''იცი ვინ შეძლო ზეამაღლებული სიკვდილი განეცადა? - ვინ და ჯეკ ლონდონმა იდეაში და ''მარტინ იდენში'' ასახა. ასეთ სიკვდილს ვერავინ მიაღწევს. ბოლომდე შეისრუტა ცხოვრება. ოცნება აისრულა. ყველას დაუმტკიცა პიროვნული სიმაღლე. ისე, რომ ვეღარავინ შესწვდა, მისი სწორი და ტოლი არავინ აღმოჩნდა. არც ეძებდა თავის ტოლს, ის სხვა განზომილებიდან იყო, მისმა სულიერმა სიმაღლემ გალაქტიკის ჯებირები გაამსხვრია და როდესაც ეს ყველამ დაინახა და დაიჯერა ადგა და წავიდა.. წასვლაც არის და წასვლაც, ზეკაცის განცდების მონოპოლიური მფლობელი იყო და ასეც დაასრულა... ზმანების ოკეანეში ჩაძირული, ზეცის მარადიულობას შეერწყა და უკვდავებას ეზიარაო....  კიდევ იცი ვინ? - ვინ და გალაკტიონმა... და მე ვინ ვარ მათი მსგავსი სიკვდილი განვიცადო... ისინი ზეკაცები იყვნენო... მათ ამოწურეს თავიანთი მისია, ბოლომდე დაიცალნენ და შემდეგ წავიდნენ. მე რა უფლება მაქვს ღმერთის ნაჩუქარ სიცოცხლეს ბოლო მოვუღო, რა შემიქმნია ამის ფასი... აი, როცა შექმნი და ღმერთს გაუტოლდები, თუ არ მოგკლა უფალმა,  მერე უნდა ადგე და თავი მოიკლაო...''

ღმერთის სწამს, რაკი სწამს ალბათ ხედავს კიდეც - ''მწამს, მაგრამ არ მეშინია, რატომ უნდა მეშინოდეს, მე ღმერთს ვუყვარვარ და ვისაც ვუყვარვართ მათი არასდროს უნდა გვეშინოდეს.. ვისაც ვუყვარვართ მათ მხოლოდ ის უნდათ, რომ გვერდით ვყავდეთ.. ერთადერთი რისიც მეშინია სიკვდილია.. ერთხელ ვკვდებოდი, ვკვდებოდი და ლოცვა დამავიწყდა.. მაშინ მორგში მეძინა..'' 

მორგს ახსენებს და 
თვალები ეყინება, მერე მუნჯდება. აღარაფერს ამბობს.. მეც მარტოს ვტოვებ თავის თავთან. ვიცი რომ უყვარს. ''ჩემს თავში ყოფნა მიყვარსო'' სულ ამას ამბობს. ჰოდა იყოს.. იყოს და დაისვენოს, ან რატომ იწამებს სულს.. მე არ მესმის. არც მას.
ღმერთმა იცის მხოლოდ.. ის კი დუმს.

2015. მარტი.

მ.ზ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი