ემილი
#ემილი -- ემილი, დღეს შენ დასჯილი ხარ. ვერ წახვალ მეგობრებთან სათამაშოდ! -- ემილი, ასე ნუ იქცევი, გოგონები ასე არ იქცევიან! -- ემილი, ეს აკრძალულია! -- ემილი, რა ჩაგიცვამს?! რა საშინელებაა?! ასე გარეთ ვერ გახვალ! -- ემილი, როდესაც დედიკო და მამიკო ჩხუბობენ სიბნელეში დაიმალე, იქ უსაფრთხოდ იქნები. -- ემილი, დედიკო თუ იტირებს, არ ინერვიულო. ზოგჯერ უფროსებიც ტირიან. -- ემილი, მამიკო თუ ყვირის და ამტვრევს ნუ შეშინდები, ზოგჯერ უფროსები სვამენ, რათა დარდი დაივიწყონ. -- ემილი, მას ნუ შეიყვარებ, ის არ არის შენი შესაფერისი. შენ უკეთესს იმსახურებ! -- ემილი, ის აღარ დაბრუნდება, გარდაიცვალა. ნუ გიკვირს, სიკვდილი მოდის და ჩვენი საყვარელი ადამიანები მიჰყავს. -- ემილი, ასეთია ცხოვრება. გაიზრდები და მიხვდები. შეეჩვევი. შეეგუები. ემილი. ემილი. ემილი. ემილი გაიზარდა. თხუთმეტი წლის ემილის სევდიანი, ლურჯი თვალები და ქარვისფერი თმა ჰქონდა. მამა ბავშვობის შემდეგ არ უნახავს. დაკარგა. არ იცის როდის, ან როგორ. ლიანდაგები, მატარებლები, საათი, რომელიც დროს უთვლიდა, მარტო წამოვიდა. დედა ელოდა და ტიროდა. წვიმდა. ემილის ფიქრი უყვარდა და ადამიანებზე ზრუნვა. დედას უვლიდა. ცხოველებიც უყვარდა ემილის. ყვითელი კნუტი ჰყავდა, მწვანე თვალებით. ერთად იზრდებოდნენ. ერთხელ მამა მოვიდა, მხოლოდ ერთხელ. ემილი სასეირნოდ წაიყვანა. გრძელი გზა ახსოვს ემილის. აღმართი. მიდიოდნენ ავტომობილით ულამაზესი ყვავილების ხეივანში. თითქოს ყვავილები ციდან ჩამოზრდილიყვნენ. გიგანტური ზომის გვირილები, ვარდები, იები, ორქიდეები უღიმოდნენ და გზას უთმობდნენ. ნაზად ირხეოდნენ და საოცარ სურნელს აფრქვევდნენ. ფერები ერთნმანეთში ირეოდა და თვალს სჭრიდა. ბედნიერი იყო ემილი, საოცრად ბედნიერი. მამა მასთან იყო და ყვავილების ბაღით ზეცისკენ გზას მიუყვებოდა. თითოეულ ყვავილს ეფერებოდა და ეალერსებოდა. სიცოცხლე უხაროდა, მაგრამ უნდა დაბრუნებულიყო. სახლში დაბრუნებულს დედა არ დახვდა. დედაც დაკარგა ემილიმ. ისევ წვიმა. წვიმა, რომელიც მისი ცრემლების მოვალეობას ასრულებდა. ტირილი არ შეეძლო ემილის. მის მაგიერ ყოველთვის სხვა ტიროდა. ვიღაც ზემოდან და მისი სარკმლის მინებზე ცრემლებს ტოვებდა. ფანჯრებზე ღვიარებად მოდიოდა და მიწას ალბობდა. მიწას, რომელიც აუცილებლად რბილი და მსუბუქი უნდა ყოფილიყო. ასე იყო საჭირო. მსუბუქი მიწა, ჰაერივით მსუბუქი. ემილის უყვარდა მტირალა ფანჯრები და ნაცრისფერი საღამოები. მარტოობაც უყვარდა ემილის. სხვა გზა არ ჰქონდა, უნდა ყვარებოდა. როდესაც მობეზრდებოდა ოთხი კედელი და ჩაკეტილი სივრცე მიდიოდა, მიდიოდა შორს, გრძელი გზებით, აღმართებით, რომლებიც ცამდე აწვდილ მწვერვალებს გარშემო მიუყვებოდა. გზა, რომელიც ერთ მხარეს კლდით იყო დაცული, მეორე მხარეს კი თვალუწვდენელი უფსკრული, საიდანაც ტანმაღალი ალვის ხეები ამოზრდილიყო. არა მარტო მწვანე, არამედ უამრავი სხვადასხვა ფერის ალვის ხე. ფერები უყვარდა ემილის და სევდიანი ღიმილით ათვალიერებდა ულამაზეს ხეებს. იქ, ზემოთ კი ღმერთი ელოდა. მთის წვერზე, სადაც ტაძარი ეგულებოდა. რაღაც უხილავი ძალა აიყვანდა, ტაძრის ორ სახურავს შორის დასვამდა და ესაუბრებოდა. ბევრს ესაუბრებოდა ემილის უცხო ხმა. ხმა, რომელიც მუდამ ათბობდა და ავსებდა. ერთ დღეს კი დაკარგა. დაკარგა გზა, ფერები, ხეები, ხმა. ყველაფერი დაკარგა ემილიმ. ტბაზე წავიდა. ფერებს ეძებდა. მხოლოდ ერთი ფერი იყო, მწვანე. ღამე იყო, სიბნელე იყო და მწვანედ ანათებდა შავ ხეებში ჩაძირული ტბა. მშვიდად წვიმდა. ემილი ტბის შუაგულში აღმოჩნდა ნავით. დიდხანს იჯდა ჩუმი და ჩაფიქრებული. თითქოს ფიქრების და აზრების სიმძიმეს წვიმას ატანდა. ტბის სიმშვიდე მის თვალებში ირეკლებოდა. გამოსვლა დააპირა, მაგრამ ადგილიდან ვერ იძვროდა. ყველა მხარეს ნაპირი ჩანდა, თუმცა ვერ უახლოვდებოდა. წლების შემდეგ პირველად იტირა. შესძლო და იტირა. გადასარჩენად ის მოვიდა. ის, ვინც სულ ესიზმრებოდა. გამოიყვანა ნაპირზე და ისევ გაუჩინარდა. მას შემდეგ ხშირად დადიოდა ემილი ტბაზე, მწვანე ფერის და მის სანახავად. ყველაფერს აქვს დასასრული, ბედნიერებას, უბედურებას, სიხარულს, ტკივილს, ომს, მშვიდობას, ადამიანებსაც აქვთ დასასრული. ემილის მწვანე ღამეებიც დასრულდა. უკანასკნელი ფერიც დაკარგა ემილიმ და ისიც. კატა, რომელიც სიცოცხლეზე მეტად უყვარდა სხვენში გაექცა. არ ჩამოდიოდა. ემილის ეშინოდა იქ ასვლის. დარჩა მარტო. იწვა სიბნელეში და მხოლოდ ფიქრობდა. უსმენდა წვიმის და ქარის მელოდიას და ფიქრობდა. ითვლიდა ფერფლისფერ საღამოებს, გიშრისფერ ღამეებს და ფიქრობდა. მასთან შავკაბიანმა მოხუცმა დაიწყო სტუმრობა. ყოველი გიშრისფერი ღამე მისი მოსვლით იწყებოდა. მოდიოდა ჩუმად. აიღებდა ემილის საყვარელ თოჯინას, ავიდოდა საწოლზე და ემილის გარშემო ცეკვას იწყებდა. ცეკვავდა შავკაბიანი მოხუცი და იცინოდა, ემილის ეშინოდა, კანკალებდა, დარდობდა, ვერ გარბოდა. -- დაიმალე, ემილი, როცა გეშინია დაიმალე, სიბნელეში დაიმალე ემილი. - ირგვლივ კი მხოლოდ სიბნელე იყო და არ შეეძლო ემილის დამალვა. ძალა მოიკრიბა, მოხუცს თოჯინა წაართვა და გაიქცა. სხვენში, სადაც თავისი კატა ეგულებოდა. მასთან გაიქცა. იქ ბევრი სარკმელი იყო, უამრავი ჩამტვრეული სარკმელი, სინათლე, ფერები. წითელი იატაკი ადგილ-ადგილ ამოტეხილი. ჩამოხეული მწვანე შპალერი ფრიალებდა, უამრავი კარები, რომლებიც სარკმელიდან შემოპარული ქარის მოძრაობას აჰყოლოდნენ და მასთან ერთად კიოდნენ, სმენას ახშობდნენ. თითქოს სტკიოდათ და ამიტომ ჭრიალებდნენ. ემილიმ დაინახა თავისი ყვითელი კატა. მაგრამ მისი მწვანე თვალები, სადღაც გამქრალიყო. კატა სისხლისფერი თვალებით უცქერდა და ახლოს არ უშვებდა. შეეშინდა ემილის, კარი გაიხურა და ისევ გაიქცა. სამი. ორი. ერთი. ემილი სარდაფში აღმოჩნდა. ნესტიან, ცივ, ნაცრისფერ სარდაფში. კედლებზე დამტვრეული სარკეები და ობობის ქსელები ფერფლისფერ საკარნავალო დეკორაციას მოგაგონებდათ. ძველებური ლამპა, სარწეველა სკამი, უამრავი წიგნი, ძველი წერილები, ყველაფერი მტვერში იყო გახვეული და სარკეების ანარეკლით ბზინვარებას იძენდა. წინ სამსაფეხურიანი კიბით ბნელი გასასვლელი ჩანდა, საიდანაც თეთრი კვამლი გამოდიოდა და სარდაფის ნესტიან სუნს საკმეველის სურნელით აზავებდა. კვამლში ხელი შენიშნა ემილიმ, რომელიც მას უხმობდა. ხელს ხელი ჩასჭიდა. ერთი. ორი. სამი. სიბნელეში შეაბიჯა. მაღალი იყო, სახე არ უჩანდა, მხოლოდ მხრები, განიერი მხრები, რომელზედაც დიდი შავი ჯვარი ედგა. შავები ეცვა. ემილის ხელი მაგრად ეჭირა და ბნელ გვირაბში მიაბიჯებდა. გვირაბის შემდეგ სანაპირო გამოჩნდა. ირგვლივ მხოლოდ ერთი ფერი გამეფებულიყო, მკვდარი მზისფერი. მიუყვებოდა ბზინვარე სანაპიროს ემილი მასთან ერთად და მიჰქონდა დიდი ჩემოდანი, თავისი სიმაღლის და სიგანის. ჩემოდანი, რომელიც მაშინ მიაქვთ როდესაც სამუდამო მოგზაურობაში მიდიან. ლამაზი იყო ემილის ჩემოდანი. ხავერდოვანი ზედაპირით და იების ფერით. 2015. ივნისი. მ.ზ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი