წერილი პოეზიის მფარველ ანგელოზს
Salut! მე მელი ვარ, შენ მე არ მიცნობ.. არც მე გიცნობ. სულ სამჯერ გნახე... სამჯერ და ისიც სიზმრად. პირველად მაშინ გამომეცხადე, როდესაც დეპრესიის მწვერვალზე ვიყავი მოკალათებული და სიცოცხლეს ვწყევლიდი. როდესაც ხალხთან ურთიერთობის არანაირი სურვილი აღარ მქონდა და კომუნიკაციის ყველა საშუალებას ვგმობდი. მაშინ, როდესაც შემეძლო, მთელი დღის განმავლობაში არ გამეღო დარაბები, არ ჩამესუნთა სუფთა ჰაერი, არ მენახა ჩემი სიცოცხლის და ენერგიის მთავარი წყარო, დედის გულივით თბილი და ნათელი მზე. როცა შემეძლო ოცდაოთხი საათის განმავლობაში გაუნძრევლად ვწოლილიყავი იატაკზე გულაღმა... მესმინა ერთიდაიგივე მელოდია, ან რომელიმე ამოჩემებული ლექსი. იმ დროს ლექსებს არ ვწერდი. ადრე ვწერდი, სტუდენტობის დროს, მაგრამ ერთ დღეს ყველა ერთად ვაქციე ფერფლად. მას შემდეგ არ მიცდია... არც სურვილი მქონია და აი... ჩემი მორიგი ''ღამეული ზმანების'' დროს გიხილე შენ. გიხილე და დაიწყო ყველაფერი თავიდან. ''მესიზმრა, ჩემი სოფელი, ჩემი ''პატარა პატარძეული'', ეზოს ჭიშკართან ვიდექი... ძალიან ბნელოდა. მოულოდნელად გამოჩნდი, კარგად ვერ ვხედავდი შენს სახეს. მოხვედი, ხმის ამოუღებლად ჩამკიდე ხელი... მეც ჩემდაუნებურად გამოგყევი. ვფიქრობ გაზაფხულის ღამე იდგა, რადგან ახლაც მახსოვს ჰაერში როგორ ფუტფუტებდა ნარცისების თავმომწონე სურნელი. ირგვლივ სიბნელე მოხუცის ფშვინვასავით მოსდებოდა სოფლის ორღობეებს. მხოლოდ ზეცა ციმციმებდა ცელქი ბავშვის თვალებივით. ისე ციმციმებდა გეგონებოდა ჩემი სოფლის ყველა ციცინათელა ცის კაბადონზე შემოსკუპებულიყო და იქედან გვიღიმოდნენ. მთვარე კი, არაამქვეყნიურად დიდი, რძისფერი მთვარე ცის ბუდიდან ამომძვრალი - ზანტად მიგორავდა, მშვიდი, აუღელვებელი. შენც მთვარესავით მშვიდი, ხმას არ იღებდი. მიგყავდი ხელჩაკიდებული. ბოლოს გზაჯვარედინთან მივედით, ეს ადგილი ჩემს სახლთან ახლოსაა. ერთი გზით ჩვენ მივედით, მეორე - ჩვეულებრივი უბანია, პირდაპირ - სოფლის კულტურის სახლი, მარცხნივ კი - გოგლა ლეონიძის სახლ-მუზეუმი. გამიშვი ხელი და ისევე მოულოდნელად გაუჩინარდი, როგორც გამოჩნდი. დავრჩი სრულიად მარტო გზაჯვარედინზე... არ ვიცოდი საით წავსულიყავი. ვფიქრობდი რომელი გზა ამერჩია. უეცრად უცნაური სურნელი ვიგრძენი. ეს იყო გოგლას ეზოდან მონაბერი ფშატის სურნელება. ჩემდაუნებურად ამ სურნელს გავყევი სახლ-მუზეუმისკენ''. ასე დასრულდა შენი პირველი გამოცხადება. სიზმრიდან რამოდენიმე დღეში ჩემი პირველი ლექსი დაიბადა. მას შემდეგ ვიჯექი ჩემს პატარა ოთახში, ვწერდი და ვწერდი... ჩემთვის ჩუმად. დეპრესიას ვკურნავდი. თუმცა თანდათან ეს ყველაფერი ძალიან მბეზრდებოდა. მინდოდა წერა მიმეტოვებინა, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ შენ ისევ გამოჩნდი. ''ისევ ღამე იყო, უკუნი სიბნელე მძვინვარებდა... თავსხმა წვიმას ლამის მიწაში ჩავეტანე. თავიდან ფეხებამდე გალუმპული ვიდექი, ერთ ადგილას გაშეშებული. ბნელოდა, მაგრამ ჩემს თავს ვხედავდი. მხოლოდ იმ ადგილს ანათებდა უხილავი ნათება სადაც მე ვიდექი. სახეზე წვიმა ღვიარებასავით მომდიოდა. და აი, ისევ შენ... მოხვედი, მხრებზე ხელი მომკიდე, თვალებში ჩამხედე (თუმცა მე შენს თვალებს ვერ ვხედავდი) და მითხარი, რომ უნდა წასულიყავი. მე ვტიროდი. ისე მაგრად ჩამეხუტე ძვლების ტკივილი ცხადად ვიგრძენი. ჩამეხუტე და ენით აღუწერელი ენერგიით ამავსე. შემდეგ შემეკითხე, თუ რომელი იყო ჩემი საყვარელი ფერი. - "სიცოცხლისფერი და შობისფერი'' - გიპასუხე და ვიგრძენი შენი თვალებიდან გადმოცვენილი კითხვის ნიშნები. ვცადე უკეთ ამეხსნა. - მე ზაფხული მიყვარს. სიცოცხლე ზაფხულშია, მწვანედ გაფოთლილ ხეებში. სიცოცხლე მწვანეა... კიდევ შობა მიყვარს, შობა თეთრია... იესოსავით თეთრი. იესო კი - თავად სიცოცხლეა. გაიღიმე. ხელი გამიშვი. ჩუდად ჩაიჩურჩულე - ''ჩვენ კიდევ შევხვდებით'' - და გაუჩინარდი. სახეზე წვიმა ღვიარებად მომდიოდა''. მას შემდეგ აღარ გამოჩენილხარ, გადიოდა თვეები, თითქმის წელიც გავიდა. მე უფრო მეტი შემართებით დავიწყე წერა. შვებას ჩემს ნაწერებში ვპოულობდი. თითქოს ფეხზე ვდგებოდი. საკუთარი თავის რწმენა მიბრუნდებოდა. ვწერდი და ნაწერებს მთელ სულს ვაქსოვდი. უხილავი ძალა მექაჩებოდა, რომ სული ამომეღო და ლექსებში ჩამეტოვა. მეგონა, რომ მოვმკვდარიყავი ჩემს თავს ასე დავუტოვებდი ჩემს საყვარელ ადამიანებს. ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავვარდი. მერე შემეშინდა, რატომ ვწერდი ამდენს?! რამდენჯერმე ჩემი ნაწერებიდან, ჩემს ცხოვრებაში, შემდგომში მოხმდარი მოვლენები ამოვიკითხე და უფრო შემეშინდა. მინდოდა გავჩერებულიყავი, მაგრამ ვერ ვჩერდებოდი. ბოლოს სულის სიამოვნებაში გადამეზარდა ეს ყველაფერი და ახლა ჩემი სიმშვიდის და სიამოვნების ნაწილია. დრო გადიოდა, თითქმის შენი ხილვებიც დავიწყებას მიეცა და აი ისევ... სულ სამიოდე დღის წინ... შენ ისევ გამოჩნდი. '' ისევ ჩემს სოფელში ვიყავი. სოფლის გამოსასვლელში, მთავარ გზაზე, რომელიც თბილისისკენ მიდის სამი თეთრი მანქანა იდგა. ვიცოდი, რომ ერთ-ერთი უნდა ამერჩია. თვალები დავხუჭე, ამოვარჩიე და თვალდახუჭული ჩავსკუპდი. თვალი რომ გავახილე ლურჯი ნათება იღვრებოდა ირგვლივ. ჩემს წინ პატარა მაგიდა იდგა, მოპირდაპირედ კი - შენ იჯექი. მარჯვენა ხელის იდაყვით ჩამოყრდნობოდი მაგიდას. ხელისგულზე ნიკაპი გქონდა ჩამოდებული, თეთრ თითებს ლოყაზე ათამაშებდი და იღიმოდი. ძალიან თბილად იღიმოდი.... დუმდი და მიმზერდი... მე პირველად დავინახე შენი თვალები. ძალიან ლამაზი ''სიცოცხლისფერი'' თვალები გქონდა და ''შობისფერი'' მაისური გეცვა.'' სისხლში ბედნიერების ნეონების ცოცვამ გამომაღვიძა. ვიგრძენი, რომ ბოლოჯერ გამომეცხადე. შიგნიდან ვიგრძენი. შენ... შენდაუნებურად იქეცი ''ჩემი პოეზიის მფარველ ანგელოზად''. გმადლობ, პოეზიის ანგელოზო. ''ჩვენ კიდევ შევხვდებით''
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი