ნუ შეგეცოდებით!
გამარჯობათ! მე მიქაელი ვარ! უხვი და ვნებიანი, ქარია სხეული ჩემი, მე ვლოცულობ და მწამს! ჩემი თითები ჰქმნიან ჰანგებს პოეზიაში, ჩვენ ფესვი საერთო გვაქვს ლექსებო, წვენიც საერთო! მე ფურცელი ვარ დამჭკნარ ყვავილისა, ზღვისკენ წაღებული ღამეულ ქარში. კვლავ დავიძინე, მოვამზადე ცხოვრებისათვის სხეული, ჩემი თვალები მზის შუქში წაქცეული სვეტებია, უნდა გადავიცვა პოეზია, უნდა გადავიცვა! მე ვარ ბუჩქნარის ტევრში მიმალული უხმო მუსიკა, მე ვარდი ვარ, ან ლავანდის ყლორტი, წიგნის ყვითელ ფურცელთა შორის, მე დალუქული ფურცელი ვარ, მკვდარი სიმართლე და ველი სიცოცხლეს! ვარ ქველმოქმედი ობობა, დავიბუდე მრავალის სახლში და დავტოვე მოგონებების ქსელი როგორც გრანელმა. ჩემს ცხოვრებას აღარ აქვს სარკმლები, კარიღა შემორჩა მხოლოდ, მე თომა ბიძიას ქოხი ვარ, სადაც შევდივართ ყველანი, ვეტევით და ვცხოვრობთ! ზამთრის ალიონზე, ყავისფერ ბურუსში, ისევ დაიფარება სხეული ცოდვებით. გამარჯობათ! მე მიქაელი ვარ! უხვი და ვნებიანი, ნუ შეგეცოდებით! მიხეილ ჭიჭნაძე ( მიქაელი ) 2011 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი