თავისუფლება!


მოდი მიწაზე ჩამოვსხდეთ დაო
ვერ ავუდივარ ხელებზე ლურსმნებს.
გამწყრალი ღმერთი ზეცაში დაობს
და ყველას უსმენს.

მრუშნი უცქერენ ერთიმეორეს
მათი ცოდვით კი მიწა შავია.
ჩემს სამშობლოში ყველა მეორე
დამნაშავეა.

მხოლოდ ცა არის ჩემი მშობელი
და გაქცევაზე ამიტომ ვფიქრობ.
როცა ვნება მწვავს ჩაუქრობელი
მე ღვინით ვიქრობ.

დგას კათედრალთან შენი დიდება,
ჩემი განცდები უაზროდ ფრენენ.
მსურს ამაღლება და გარინდება
და როგორც რენე -

უხილავობას ვუსმენ საგანის,
ვერ შეიცნობენ უფალს ესენი.
მეც ჩემო დაო მიყვარს შაგანე
როგორც ესენინს

და ნაღვლიანი წვიმა მასველებს,
მეც მივუყვები უბრალო შუკას.
არის აქ ყველგან შემოსასვლელი,
ჩემს წინ და უკან.

მრუშნი უცქერენ ერთიმეორეს
მათი ცოდვით კი მიწა შავია.
რადგან ძვირფასო ყველა მეორე
დამნაშავეა

დგანან ფიქრები ციურ ბაქანზე,
ვერავინ მართმევს ამის უფლებას
და გრიგალივით შორს მიმაქანებს
თავისუფლება.

2013 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი