დროის გატაცება
ჰო, ახლა მარტია და უკვე მოწვიმა, ვუყურებ სულელო ამ შეშლილ ქალაქებს. სიმშვიდე მომწყინდა! სიმშვიდე მომწყინდა და სიყვარული კვლავ მალაპარაკებს! ჰო, ახლა მარტია და ცაზე მთვარე წევს და თეთრი ყვავები ფანჯრებთან დამსხდარან. მივყვები ქუჩაში ჩემნაირ გარეწრებს, შეშლილი ცრემლებით დაჭრილი მასხარა. ჰო, ახლა მარტია, შემშალა თავხედმა, გარეთ გამიტყუა გრძნობად და კაეშნად. ქარი მაგნოლიებს ფანჯრებთან არხევდა, სჯობს, სადაც არა სწამთ იქამდე დავეშვათ. არ გესმის? მარტია, მიყევ და მიები, რა მოხდა მერე თუ შენც გაგხდის ცვალებადს. მოდი ავაშენოთ ჩვენ იმპერიები და პოვნა იქნება ეს გარდაცვალებაც... საკუთარ თავის და ჰორიზონტს გავქაჩავ, იღბალით აქ მუდამ უაზროდ მასხრობენ. შენი თავის გარდა მშველელი არა ჩანს, მიყვარხარ! მიყვარხარ! ეს დაიმახსოვრე. შენ უნდა შეგეძლოს დროის გატაცება, მთრთოლვარე სულს მოგცემ რომელიც იელვებს და მჯერა ოდესმე საზღვრებს გადასცდება, დაფერდილი მზის ყრუ სიმშვენიერე. მარტია, შეშლილი ფერები ჭარბობენ, ფანჯრებთან გაშიშვლდა თელა და მოცხარი. თვალები ყოველთვის ბევრ რამეს ამბობენ, თვალები ყოველთვის დაგრჩება ცოცხალი! სული ადიდდა და კანში არ დამტია, იღბალით აქ მუდამ უაზროდ მასხრობენ. აპრილი წინ არის, ჯერ კიდევ მარტია, ჯერ კიდევ მარტია, ეს დაიმახსოვრე. ყინვაა და ქარი გზებიდან გადადის, მიქაელს სამყარო ცრემლად მისწოლია. ჰო, ჩემი სულია ცისფერი ქაღალდი და ჩემი თვალები მთელი ისტორია. მიყვარხარ! მიყვარხარ! ეს დაიმახსოვრე. მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2016 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი