ხსოვნის სიმაღლე


გამიღე, შიშისგან ვკანკალებ, მარტო ვარ,
გამიღე, ხომ ხედავ, სხეულმაც დამტოვა!
შორეულ ყვავილებს დაგიკრეფ თავიდან
და ხსოვნის სიმაღლეს მთვარეზე ავიტან.

დღეს სული დამარხეს ცისფერმა ბინდებმა
სიკვდილი კი არა - სიცოცხლე მინდება!
უყურე ძვირფასო იმედის ნაპირებს,
სამყარო სიკვდილთან სიცოცხლეს აპირებს.

გიზიდავს ძვირფასო ეს ლურჯი მხარე შენ
" და გჯერა სიცოცხლე სხეულის გარეშე! "
კვლავ ქარში ლოთები, დასცლიან ბარძიმებს,
ან მე რა მაძინებს! ან შენ რა გაძინებს!

დღეს სადღაც მეთევზე შეხვდება ალიონს,
მთვარეს სურს ნაძვებში სული რომ დალიოს.
" ნუ უცქერ რწმენისგან დარჩენილ ნანგრევებს
ხალხი და სამშობლო სიტყვებში გაგრევენ. "

სხვა თუ არაფერი უთხარი მომავალს:
მე მაინც დავრჩები, უფალთან, რომ ავალ!
სხეულის გარეშე სიცოცხლის გჯერა და
შავ - თეთრსაც შეხედე ძვირფასო ფერადად.

დღეს სული დამარხეს ცისფერმა ბინდებმა
სიკვდილი კი არა - სიცოცხლე მინდება!
უყურე ძვირფასო იმედის ნაპირებს,
სამყარო სიკვდილთან სიცოცხლეს აპირებს.

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2015 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი