ცა მინანქარში


ჯიხვის რქებიდან სამყაროს დავლევ,
" ზეცა მწყურია და მიწა მშია. "
დამასკოს გზაზე დაბრმავდა პავლე
და ქარნი ისევ ბილიკებს შლიან.

პატარ - პატარა ღმერთების შექმნა
მინდოდა, გზაზე მოსჩანდა მათე.
მცოდნოდა, სხვაგან ჩავყრიდი ვენახს
და სხვა წიაღში ჩავფენდი ნათელს.

რწმენა ზღვაა და მე ვარ მეტივე,
დამმარხეთ ქარში და სად გენია
არის, მიწაზე ბევრად მეტი ვარ
და თუ ეს ღმერთო დასადგენია..

ჩურჩულით გეტყვი: ამინ! ან ქარში
გავიტან სხეულს უფალო ჰოდა
მოჭიქულია ცა მინანქარში,
ცამ დედამიწის წინაშე სცოდა!

სული ამომსძვრა ბედის წერაში
თეთრი ყვავივით მივსდევ დროებას
და მოქცეულა თითქოს მზერაში,
ჩემი თვალების უსაზღვროება.

მე წავალ სულის დიდ პირამიდით
და შეღამება შეღებავს ივლისს.
მე ვამბობ: ცისკენ გზები არ მიდის
და მაინც ცვრიან ბალახში ვივლი.

წავალ შეშლილი, სულის ქარიშხლით,
დაგრჩებათ ჩემი პატარა წიგნი.
გადავარდება ბნელში ბალიში
და შეჩერდება ფიქრი...

ჯიხვის რქებიდან სამყაროს დავლევ!

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2014 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი