თუკი ამქვეყნად სიყვარულს ეძებ!
მარიამ, ცისკენ გზები არ მიდის, მწყემსის გარეშე რაა ცხოვარი. ცვალებადი ვარ როგორც ამინდი და თუ შემომხვდი ვით მაცხოვარი... გზაზე უბრალოდ ხელი გამიშვი! ოთახში ვიღაც დადის ჩემოდნით. გიყურებ თოვლით გამთბარ ქალიშვილს და მსურდა დიდხანს შემოგრჩენოდი... სულზე, თვალებში და ლამაზ ხმაში, რას მკითხავს თოვლი მართლა არ ვიცი. ის მოვა როგორც პატარა ბავშვი და ფეხს აიდგამს ალბათ თავისით. მე დავინახე ცის გარდატეხა როგორც ფეხმძიმე ქალის მუცელი თოვლმა ქუჩაზე გზა გადატეხა და ენძელების წყება მოცელა! სული მარტოსულ ლეკვივით დაწვა და თოვლი ედო მხოლოდ ბალიშად. იქ წავალ სადაც არაფრის არ სწამთ და ხელი, ხელი აღარ გამიშვა! იცი, მარიამ? დაგკარგო მინდა და სხვანაირი გიპოვნო მერე და როგორც თოვლი თბილი და წმინდა დავადნე უხმოდ გათოშილ ხელებს. მდუმარე საყდარს ნელა ჩავუვლი და დაგიკრიფავ ისევ იმ ყვავილს. თვალებში ჩადგა ლურჯი ხმაური, შენი შეშლილი სუნთქვა ვიყავი... მეგონა, როცა აფეთქდა მთვარე, დადგა საღამოს შვიდი საათი. ღმერთო, შემინდე და შემიწყნარე ამ გაძარცვული სიმშვიდისათვის! სულის ნაფიფქში მინდა გამხვიო, მთელი სამყარო მივიკრა მკერდზე. დრო უკან აღარ გადაახვიო, თუკი ამქვეყნად სიყვარულს ეძებ! მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2015 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი