ღმერთებსაც უჭირთ


დღეს ეს საღამოც ისე, მშვიდი და ცისფერია,
ასე მგონია მოვშორდები მალე მიწიერს.
შენ ჩემო თავო, დღეს სიკვდილი არ გიწერია,
გოლიათებმა შენ აკვანი მხრებით გირწიეს...

ჰერაკლეები აღრევიან სადაც ქრისტეებს,
სადაც ოცნებებს პოეტები ამსხვრევენ მუჭით.
დამშეულები ყოველღამე წყვდიადს მისდევენ,
" ღმერთებსაც უჭირთ, მეგობარო, ღმერთებსაც უჭირთ! "

" არა, არ ღირან ეპოქები, რომ მათთან დავრჩე, "
მე ვუსწრებ დროს და არ ვნებდები მათ აპათიებს.
როგორც მანდარინს, დედამიწას შუაზე გავხლეჩ
და დავწერ იმას რასაც ხალხი არ მაპატიებს!

სწორედ მანდ არი ჩემი სული, სადაც ქარია,
არ ვუსმენ ხალხს და ყველა სხვისი აზრი დავტოვე.
" მე სული მიდგას, სული მიდგას რაც მთავარია "
და უჭირთ ღმერთებს, ღმერთებსა და იმპერატორებს!

პატიმარი ვარ, მიწის მერე ცამ დამატყვევა,
რით ვერ დაეხსენ გასაქცევარს სულო ტიალო.
ო, როგორ მინდა უჩვეულო ჩემი სიტყვები,
ბაგეს მოწყდნენ და ორბიტაზე იხეტიალონ!

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2015 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი