ტერენტი გრანელს


ბალას ტილოს ჰგავს ჩემი კანის ჩუმი სილურჯე
მივდივარ, ესეც გადაღლილი სულის ბრალია.
აქლემის კუზში საცოდავად ჩავიდა მთვარე
და სხვა არავინ ახლოს არის ასე ძალიან...

როგორც შენ ძმაო, სიგიჟეა ჩემში უტრილოს,
თავისუფლების მზეც ოდესმე თვალებს მილულავს.
სადაც არა სწამთ იქ წავიდეთ და ღმერთს ვუტიროთ
" რათა ერთხელაც გავიცინოთ კოკისპირულად! "

ტერენტი ძმაო, ჩვენ ბევრი გვაქვს მგონი საერთო,
შენ მგზავრი ხარ და გარშემო კი მხოლოდ ფეთია.
მე ჩირაღდანი სიცოცხლისთვის მსურდა დამენთო
და მზის სხივებით სიკვდილისთვის ღამე მეთია.

გალაკტიონი არა ხარ, რომ ღამე შეშალო,
არც ესენინი, რომ ანათო მუდამ დარივით.
მაგრამ მაინც გსურს მთელ სამყაროს გადაეშალო,
ვარდის ფურცელი ფესვ დაკარგულ ხეიბარივით.

ჩვენ ხომ ორივეს უცბად გვათრობს ქალის სუნამო
და კვლავაც ისევ ხვალინდელი ლექსით ვივსებით.
ვერას დაგვაკლებ მრისხანებით ” ლექსო ” ცუნამო,
" ვართ უდაბნოში სევდიანი ოაზისები! "

ახლაც საკუთარ თავს მივათრევ თმებით ნაპირთან,
უნდა გავტეხო ღამეების მძიმე ბოქლომი.
ღმერთი დამპირდა, მე სიმშვიდეს ღმერთი დამპირდა
და სიკვდილს ვეძებ , სიკვდილს ვეძებ  ნებაყოფლობით.

ბედუინივით თოვლს ვიხილავ პირველად მერე
" ვით სიგარეტის სამყაროში ჩაჭყლეტილ ღერებს "
" და ავაჩქარებ პულსაციას ბეტონის ძარღვზე "
რადგანაც ყველა ამოსუნთქვა იწყება ასე...

იმ რაღაც სხვაზე, რაღაც სხვაზე და ყველა ძარღვზე...
მოვისვირინგე ლურჯი სისხლით ცივი სტროფები.
ჩვენ ერთად ვდგავართ ბედისწერის უხილავ ზღვარზე
მეამბოხენი და სიცოცხლით ავადმყოფები.

ბალას ტილოს ჰგავს ჩემი კანის ჩუმი სილურჯე


მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2011 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი