მზით ამავსე!
მე რაც ვიყავი ისევ ისა ვარ, ნუთუ ვიცხოვრე მხოლოდ ამისთვის. ჭეშმარიტება რა სიღრმისაა? ანდა სინათლე რაა ღამისთვის? ჩამავალი მზე ღებავს დასავლეთს, ჩემი მკურნალი ზვირთის ქაფია. ფრთაო, გაფრენა რატომ მასწავლე? ბედის სიჩქარე უფრო სწრაფია! ჩანდა სურათი ოცნების მსგავსი და ზღვის მოქცევას გრძნობდა საღამო. შენ ჰორიზონტის ჩარჩოში ჩამსვი და ცას ველტვოდი დაუსაბამოდ. სული დავმარხე ქარში დასავლით, ფრთაო, ამზიდე მე ცის ნარმაზე და უნაპირო მშვენებასავით დახატე მთვრალი მზის სილამაზე. ოცდაათ მილში ქარი ბღაოდა, ქარი ხვეტავდა მთვარის ალმასებს. ფრთაო ამზიდე სააქაოდან და მზით ამავსე! 2015 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი