სიცოცხლე გრძელდება...
დედის ანდერძი ადამიანი, რომ კვდება, თითქოს სამყაროს ქნარს აწყდება სიმი. მისი სახის დანახვა გვენატრება, მაგრამ სიცოცხლეს ყოველთვის ვერ უყურებ თვალებში, საკმარისია მისი შეგრძნება. ჩვენ ხომ უკვე ვპოვეთ ერთად სიცოცხლე! დედა პირად ცხოვრებაზე დიდად არ ნაღვლობდა, მაგრამ უყვარდა იგი, რადგან სიცოცხლე ერქვა. ის ღიმილით ამბობდა : აქედან ადვილად შეიძლება გაფრენა, აქ ოცნებებს არ აქვთ სიმძიმის ძალა. მიქაელი, რომელმაც წარმატებას მიაღწია და საყოველთაო ყურადღებითაა გარემოცული სამშობლოს საზღვრებს უახლოვდება. ტყვიის ზოდებივით დამძიმდნენ მისი აზრები. მრისხანე არწივის მსგავსად დაეშვა დაქანცული ბინდი თბილისის თავზე... მოგონებები ფრაგმენტებად წამოიშალნენ მის უკიდეგანო თვალებში... - მე კი პირდაპირ გეტყვი, რომ შენი ლექსები კარგია და იწვევს ნაზ სითბოს სულში! - გამუდმებით უმეორებდა დედა, რომელიც მისთვის ადამიანის ძალის, სულის მშვენიერების და ყოველი ამაღლებულის უზადო მეხოტბე იყო. მიქაელი კი ყოველთვის დუმილით პასუხობდა... სამგლოვიარო დუმილს მოიცავს მისი სახლი, თითქოს საუკუნო ძილს დაღი დაუსვამს ნაცნობ ოთახებისთვის. მთელი დღე ფიქრებში გაატარა. ფანჯრიდან ოთახში ღამე შემოიპარა და გაძარცული გრძნობები გაიტაცა. ჩამქრალ თვალებს შეერია ნუგეშის ჩუმი ლოცვები. რას ველოდები?.. მის გამოჩენას?.. მაგრამ თუ იცი, რომ დროის აღმრიცხველი საათი ხარ, რომლის დაშლა და აწყობა შეიძლება? არა, ეს შენ არ იცი! მაშასადამე - წლები ისევ იმ ოთახს შორის გადის, სადაც ჩვენ ერთად ვცხოვრობდით. სახლი, რომელიც კვლავ ინახავს შენს სუნთქვას... დედა გარდაიცვალა გაზაფხულის მშვიდ საღამოს, თითქოს ბუნებამ სუნთქვა შეაჩერა... სარეცელთან ცოცხალ ქანდაკებასავით იდგა მისი ერთგული მეგობარი. ვიდრე სულს განუტევებდა წყენა - ნარევი მზერით ახედა ზეცას და სიცოცხლის მანძილზე პირველად სთქვა სამდურავი : - ყოვლისშემძლევ, ეს არის შენი სამართალი?!.. თან მიმაქვს დიდი მონატრება... თვალები ცრემლით აევსო და სრულიად დადუმდა. მან მიქაელს მისცა ყოველივე სიკეთე, რისი მიცემაც შეეძლო და ეხლა ზეციურ სამკვიდროში ჰპოვა სულის სიმშვიდე. მარად ცოცხალი დედის ხსოვნას, დროის მსახვრალი ხელი ვერასდროს ვერ შეეხება... მის დანატოვარ წერილს მიუახლოვდა. ბინდისფერით იფარება უსასრულო სივრცე. მიუწვდომელი შორეთი, რაც ასე უყვარდა. დრო სუნთქვასავით გარდასული, წამით გაიყინა მის თვალებში... და მხოლოდ მოციმციმე ნათურა ქმნის ამ იდუმალ სამყაროში მცირე შესასვლელს... დედის ანდერძი თუ დაგიდგება დრო ძნელ - ბედობისა, თუ ძალა და ნიშანი სიცოცხლისა დაითრგუნება შენს გულ - გონებაში, გაფანტე ფიქრი წუთისოფლის ამაოებაზე და დაივიწყე ყველაფერი... შეიგრძენი სიმშვიდე და წარმოიდგინე მშვენიერების ხელშესახები მხარე _ რაჭა, რომელიც დარდის დროს, მეც მანუგეშებდა, მიბრალებდა და ატირებულს გულში მიკრავდა, როგორც დედა თავის გზააბნეულ შვილს. გიჭირს? ნუ გეშინია!.. გაიხსენე ჩვენი სოფლის ნამით მოფენილი, მწვანე მინდვრები. აყევი ბილიკს მთაზე და ზევიდან გადმოხედე, ზაფხულზე შეყვარებულ დედა - ბუნებას. გესმის?.. როგორ ხმაურობს ხავსმოკიდებულ კლდეზე ჩვენი ნაკადული. გახედე ბებერ კავკასიონს, როგორ ამაყად, დათოვლილ მწვერვალებით დარაჯად უდგას რაჭას, როგორ უწეწავს ვერცხლისფერ ქოჩორს მოუსვენარი ქარი. გრძნოობ?.. ზაფხულის სურნელს, რომლის შეგრძნება ასე სწყურია დაქანცულ სხეულს... იგრძენი?.. შენს სახეზე მოთამაშე ცელქი სიო, რომელსაც ტყიდან მონაბერი ნაძვისა და ფიჭვის მათრობელა სურნელი მოაქვს. საამურია ხავერდოვანი ბალახი, რომელმაც მწვანედ შემოსა მიდამო და სიცოცხლით სავსე გვირილები ღილებივით მიაკერა ველებს, რომელიც ასე გვიყვარს, ასე გვამშვიდებს... ახედე ცას, ლურჯ ლაჟვარდიდან, სიყვარულის თვალებით გიღიმის მზე... ზარები, რომელიც სასიამოვნოდ აგიჟრჟოლებს სხეულს და ნათელს მოჰფენს შენს აწრიალებულ სულს... საცაა ღამე მოგისწრებს?.. რა ვუყოთ მერე, განა ღამის დარაჯი შენთვის არ ამოდის? მასაც უყვარს ეს მხარე. ნახე, როგორ გაიბადრა, როგორ ეფერება დიდრონ კაკლებს, როგორ ესიყვარულება ყველას და ყველაფერს. კიდევ მოავლებს თვალს აქაურობას და შემდეგ უფალს უამბობს ქვეყნის ამბებს... დაიმახსოვრე, დედა - ბუნება ყოველთვის გამოგიწვდის ხელს... იყავი უხვი და შენც უხვად მოგეზღვება!... ეხლა კი გამიხსენე, ჩამხედე თვალებში, რომელიც ვედრებით ლოცულობენ შენთვის, რომელშიც ყოველთვის დაინახავ შენთვის დანთებულ, ჩაუქრობელ სანთელს... მოგეფერები და შეგახსენებ _ ნუ ტირი, რადგან ცხოვრება დამთავრდა! გაიღიმე, რადგან სიცოცხლე მარადისობას უერთდება და გრძელდება!..... მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2012 წ. 27 მარტი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი