სამშობლოვ ჩემო და სამყოფელო


სამშობლოვ ჩემო და სამყოფელო

ნისლი ფიქრებში ხვევს თმოგვის ციხეს
და თავის წარსულს მიამბობს ოხვრით,
იდგა ამაყად ძლიერი ოდეს,
მაგრამ ოსმალოს უთელავს ფლოქვით.
კლდეზე ნაშენი ქალაქი ციხე
ვერ გადაურჩა   ღალატს და  წვიმებს
იდგა შემუსვრილ  და სევდით სავსე
და ჭრილობებზე  
იხვევდა ნისლებს...
სტამბოლის ბაზარს ალტობდა ცრემლი,
ტყე ინახავდა დედების ექოს,
ეძახდნენ შვილებს ცრემლიან მზერით 
და აწყდებოდა თვალები ბექობს.
ოხვრენ ვარციხეც, არხილოსკალოც,
ბარბაროსობის სად დარჩა კვალი,
ნაომარო და ნაქალაქარო,
ნაჩეხ-ნახმლევი გტკივა მრავალი...
და დაიფერფლა სოფელი ბევრი,
დღეს ნანგრევევბი ცოცხლობენ მხოლოდ.
გალეწეს ყანაც, ვენახიც, ტევრიც,
ვერ დააკნინეს თუმც საბოლოოდ.
წარსულის სხივი საპოვნელათი 
ოცნებასავით დამყვება გვერდით,
ვნახე ხერთვისი, გრემი, გელათი,
სვეტიცხოველი და ალავერდი.
ვიხილე სამცხე, და წინანდალი,
ვარძია, სხალთა, წმინდა სამება,
მღელვარე სული ვერ დავამშვიდე,
ცხადი ოცნება, ტკბილი ზმანება. 
სამშობლოვ  ჩემო და სამყოფელო,
ამერ-იმერო გადაკალმულო,
ამაღლებულო აჭარის მთებო,
ხიხანის ციხევ, ცას მიწვდენილო.
წყალს გაატანეთ წარსულის ტანჯვა, 
წარსულის ცრემლი და ტკივილები.
გაიცისკროვნე სამშობლოვ ჩემო,
იდიდე,  ლაღად გაშალე ფრთები!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი