თბილისი
შემომეგება კვლავაც თბილისი და ქართლის დედა, დინჯი და მშვიდი, ხელში ფიალა უჭირავს ღვინის, ეს მოყვრისათვის, ხმალი კი მტრისთვის... როცა მეტეხთან ჩაივლი ფეხით, მტკვარს გადახედავ, დიდგზაგამოვლილს, აქ უშორესი საუკუნიდან შემოგვღაღადებს ფერფლი აბოსი. და შუშანიკიც აქ განისვენებს ვით დასეტყვილი ყვავილი ველთა. ვახტანგს ზეცისკენ უჭირავს თვალი, ალბათ ისევაც მოესმის რეკა. დგას ნარიყალა, ფიქრით მოცული, და გადმოჰყურებს მტკვარსა და თბილისს. წარსულიდან კი სევდანარევი ყარაჩოღელთა სიმღერა ისმის. ბარათაშვილმაც ფიქრთ გასართველად მტკვრის პირს მოწყენით ისევ მიმართა და ფიროსმანმაც ათასი ვარდი აქტრისას ისევ გრძნობით მიართვა... უკვდავ სახელებს ინახავს ერი... უთვალავ მომხდურს ვებრძოდით მუდამ. მაინც გადარჩი, ჩემო თბილისო, ყველა ქართველის გულო და სუნთქვავ! რომ შეუყვები მთაწმინდის აღმართს, გულს უჩვეულო აქვს არითმია. კვლავ გადმოხედავ მზით სავსე ქალაქს, გაანდობ ნატვრას მთაწმინდის ნიავს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი