საქართველოვ!


არავინ დაგზოგა- მტერმა თუ მოყვარემ
და მაინც ყოველთვის ხარ კეთილმოყვარე.
წაქცეულს ათასჯერ გულს დაგცეს მახვილი,
ათასჯერ ადექი ბრძოლებით დაღლილი.
მუხლს ძალა გერჩოდა, იმედით ცოცხლობდი,
ხან ცრემლით მღეროდი, ხან გულით გლოვობდი.
გტკიოდა აჭარა მოჭრილი ხელივით,
მტკვარი თუ ჭოროხი გდიოდა ცრემლივით.
შამქორი გტკიოდა, გტკიოდა ასპინძა,
ატენთან დაცემა, ღალატი კრწანისთან...
და ქვეყნის ორგული ნეტავ არ გყოლოდა!
ვით იესო, ითმენდი ჯვარცმას და გოლგოთას.
თუმც სიმწრის ფიალას ვერაფრით ვერ ასცდი,
შენი გამძლეობით მეშვიდე ცას ასწვდი.
ელვარებს მარაბდა, ბრწყინვალებს დიდგორი, –
და ვსვამ სადღეგრძელოს
                          ამ მთის და იმ გორის,
იმ მიწის, რომელსაც მომხდური გვპარავდა
და თავი შესწირეს ცოტნემ და პაატამ;
იმ ზეცის, ხან  ცრემლით, ხან მზით რომ ბრწყინავდა,
იცავდა ილია, აკაკი იცავდა.
დღეს მიწა ქართული იით მოქარგულა,
გარდასულ ამბების ჩურჩულით გართულა.
და გულისძახილით გავძახი მთა-მინდორს, –
მამულის ორგული არავინ დაინდოს! 
ვდგავარ და გავცქერი კარათს და არგინეთს,
ხან მზე რომ ანათებს, ხან ღრუბელს დაიფენს.
და ამ მთებს, ამ მიწას,
                            ზეცას და ცის მნათობს –
ვერც როს შეველევი, არ დავთმობ არასდროს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი