მე დავინახე უძველესი ეგვიპტის მხარე


მე დავინახე 
უძველესი ეგვიპტის მხარე
და ჩემთვის უცხო პეიზაჟით ვარ გარემოცული.
ნაპრალებსა და 
ხეობებში მკაფიოდ მოჩანს
ლურჯი ცის ფონზე მთები, მაღლა წამოწეული.
ნილოსის პირას
აღმართულა ქალაქ ამონის
ნაირფერებად მოელვარე დიდი ტაძრები,
პირქუშ მწვერვალებს
და ნილოსს შორის გადაშლილია
მცირე არხებით დატოტვილი თებეს ბაღები.
და ბენტ-ანატის 
სამშობლოში დაქროლილ ქვიშის
გამძვინვარებას ირეკლავენ ქედები შორი. 
წყლის გამჭვირვალე 
ზედაპირზე, როგორც სარკეში,
მოჩანს ზურმუხტად მოელვარე ფოთლების ზოლი.
სიკომოროსთან 
თავს იწონებს ფინიკის პალმა,
მთის ფერდობიდან სიმღერები ისმის გუნდური,
თვით ნეკროპოლშიც 
სჩქეფს სიცოცხლე, ვით პაპირუსის
ჩახლართულ ბარდში იდუმალი ქარის ჩურჩული...
შორით ყვითელი 
ქვიშნარია გადაჭიმული,
ჩამოწოლილა ცა უღრუბლო ეგვიპტის თავზე,
და მიმოდიან
ქურუმები, ფარაონები,
მორთული ნავი ირეკლება მარჩენალ წყალზე.
მე დავინახე 
უძველესი ეგვიპტის მხარე
და ჩემთვის უცხო პეიზაჟით ვარ გარემოცული.
ნაპრალებსა და 
ხეობებში მკაფიოდ მოჩანს
ლურჯი ცის ფონზე მთები, მაღლა წამოწეული.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი