მზით გავსებული, მზით განბანილი
ქართველი ვარ და ვით ყველა ქართველს მაქვს ერთი ენა- ენა ქართული, მზით გავსებული, მზით განბანილი, შიგ გულში ტურფად ამოქარგული. არ ყოფილიყო ქართული ენა, არ გვექნებოდა ახლა რაც არი, ,,ვეფხისტყაოსანს“ თუ ,,დავითიანს“ არ ექნებოდა მადლი ამგვარი. ვერ გავიგებდით სიბრძნეს სიცრუით რომ გვასწავლიდა ორბელიანი, ანდა საითკენ მიისწრაფოდნენ ვაჟას არწივი, ტატოს მერანი. გალაკტიონის ლურჯა ცხენები საით მიჰქროდნენ გრგვინვა -გრიალით, არც ,,დედა ენა“ არ გვექნებოდა, გზას რომ გვინათებს ,,აი იათი“. ვაჟას, ილიას, აკაკის სიბრძნეს ვერ შევიცნობდით ვერასდიდებით, ლადოს და მირზას უმანკო ხსოვნას ვერ შევამკობდით ამგვარ დიდებით. ქართულო სიტყვავ, წმინდათაწმინდავ, ცხრათვალა მზით და ვარსკვლავთ ნაქარგო, რამდენ მომხდურს და მტარვალს გადურჩი, მრავალჭირვარამგადანახადო! ქართულად ვწერ და ქართულად ვმზეობ, ქართულად ვგლოვობ, ვინ სთქვა ზედმეტი!.. ქართული სიტყვით გამაქვს ლელო და- სხვა რა ვინატრო ამაზე მეტი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი