დღეს აღარ მინდა ამინდი წყნარი


დღეს აღარ მინდა ამინდი წყნარი,
მინდა, რომ იყოს გრიგალი, ქარი.
მსურს ქარიშხალი მეძგეროს გულზე
სეტყვად და გრგვინვად, ვით მიწის ხნულზე.
მწყურია წვიმა, მწყურია წყალი, 
რომ ნიაღვარის დატოვოს კვალი,
მინდა ამინდი მოვიდეს წარღვნად,
ჩემი გრძნობების და ფიქრის მსგავსად.
მსურს ქარაშოტში შევიგრძნო თავი,
ავკრიფო ლექსად რითმის თავთავი.
მწყურია წვიმა, მწყურია წყალი,
სეტყვა, გრიგალი და ქარიშხალი...
ზვირთები ზვირთებს შეასკდეს ლექსად
და სტრიქონები გაიჭრას ველად,
მინდა ყოველთვის სიყვარულს ვგრძნობდე
და ჩემი ლექსის სიცოცხლით მოვკვდე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი