შენი სხეულის შვილი


მე ახლა შენი სხეულის შვილი
ვდგავარ და მოვთქვამ,
მევსება ფიქრი უარყოფილ აზრთა სიმძიმით, 
შენს ტანზე ვიყრი აფეთქებულ კვირტების
მოდგმას,
ვანაცვლებ წერტილს ზურგმოხრილი ,
დაღლილი მძიმით.
მე შენი ტანჯვის მომრჩენელი
ვარ აღსარება,
კანზე მირონად გეფინება სულის სიამე,
ყოველი ბგერა შენში იქცა რკინის ზარებად,
ჩამოეხსენი მაგ ჯვარიდან,
რამე მიამბე.
მე ახლა შენი სხეულის შვილი
ვდგავარ და ვიბრძვი,
რომ არ გაგტეხონ,
ხის ნაფოტებს ხეთქენ ქარები,
კლდის პირს ხელს თუ მკრავ 
გავიშლები და
მაინც ვიტყვი,
შენს შიშველ გულზე საბანივით დაგეფარები.
სისხლის ღარებად გეღვლიფება ფიქრი სახეზე,
მოვალ და მხრებზე მოგაფარებ რიდეს სიმშვიდის,
და დაიჯერე, რომ სიშორით კი არ გაქეზებ,
უბრალოდ, ასე სხვანაირად მესმის სიწმინდის ( არსი )
/ ნანუკა ჭკუასელი /

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი