თქვენ ის ქალი ხართ . . .


თქვენ ის ქალი ხართ
( მომიტევეთ ასე შემოჭრა )
ვერ გამიცვნიხართ, შეგიცვლიათ თითქოს ღიმილი
ჰო, მაშინ ტანზე იისფერი პალტო გემოსათ
და გულს გიკლავდათ ნაადრევი ღამის ტკივილი.

არადა, თმაში ვერცხლისფერით დაგიმახსოვრეთ,
ახლა ფარდაგად გაგიშლიათ მხრებზე სიამე
და მაშინ თქვენი სიხარული რომ მისახსოვრეთ,
მე გავჩუმდი და არაფერი ჩემზე გიამბეთ.

ოჰ, როგორ სხვა ხართ,
ეს თითებიც თეთრი კვირტები,
არადა, მაშინ თქვენს სუსტ მაჯებს არა ეწადათ,
მე დავიბენი ( გევედრებით ნუ ატირდებით )
მისთვის წავედი, სამყარო რომ გამომეცადა.

( უხერხულია )
ოჰ, ეს ღილი როგორ გამშვენებთ,
თქვენი თვალები? - ამეთვისტო. ბოდიშს გავბედავ.
მე ახლა თქვენზე საფიქრალით ღამეს ვათენებ,
ნუ გაიქცევით და ნუ ჩამთვლით უვიც თავხედად. 

ღმერთო, ეს ხალი, 
თითქოს უწინ ვერც შევამჩნიე
და ახლა ვხედავ, გეფიცებით, ( თქვენი ბაგენი )
თქვენთან სიყვარულს, სხვასთან ერთად დარდი ვარჩიე
და თავშესაფარს მაინც ვერგზით ვერ მივაგენი
.
ოჰ, ეს წუხილიც მაპატიეთ,
დამაგვიანდა,
თქვენ უკვე სხვა ხართ, დაგვიწყნიათ რაც კი გართობდათ,
მე დავიკარგე, ჩემში ეგოც კი დაზიანდა
და მოგაკითხეთ, რადგან სული დამიმარტოვდა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი