ავტოპორტრეტი
სარკე და თმები თითქოს უფერო სარკეში ჩემმა სულმა მხოლოდ ბავშვობა დაიმახსოვრა ლურჯი ველები და მწვანე ზეცის გამოცხადება ყვითელ დილებით. ნაფეხურები დაფიფქულ გზებზე და ახლა მზერით მზის გაცილება . . . ხელისგულებში მოქცეული თვალები შემრჩნენ უხმო ცრემლებად და უგემური ღამეებით გავხდი მაძღარი შემიმსუბუქდა ყველა სიმძიმე დამძიმდა, რაც კი იყო მსუბუქი ერთფეროვნება და წუთის ფასი. მაგიდაზე ოჯახი დაიქცა და მეზობლებმა დაღვრილი სითხით ხელნი იბანეს ჩამოვკლავიშდი უროიალო ოთახის გულში და უფორმო უსაზღვროებაში წრედ გადამაქციეს მხოლოდ სიტყვით დარჩა ალერსი და ხის მსგავსად თოვლში გათოშილს ისევ დათბობამ გადამარჩინა იყო ეკალი - უვარდოდ არცერთი ვარდი არ ყოფილა ეკლის გარეშე აღდგომისფერი გოლგოთით დავკუზიანდი და ველოდები იმ სწორ სამარეს რომლითაც არვინ გასწორებულა დროს არ ვყოფნიდი მიმართულება ვიყავი და ფანჯრებიდან წვიმასავით ველოდებოდი გაფერადებას ახლა სარკეში ორი ჩამოშვებული მკლავი და დაღამებული ტუჩების გაფითრებული მღელვარებაა შეჭმული მიწის თანდაყოლილი გემო და დაცვენილი თმების აღარ აკრეფვის სურვილი დამამახსოვრდა პოეზია და არაფერი დამრჩა ისეთი რასაც დავკარგავ და მეწყინება ახლა სარკეში ვერგადათვლილი ლოდებია ზურგზე და თითქოს კლდე ვარ ხელოვნებით ნაკარნახევი / ნანუკა ჭკუასელი /
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი