გრიგოლ ხანძთელი ბარნოვის ,,ტრფობა წამებულში"
ერთადერთი ხორცსხმული რომელმან არა სცოდა, მხოლოდ ქრისტე იყო-ქალწულ მარიამის წიაღში განკაცებული. ყოველი, მასთან მიახლოების მოშურნე ცდილობს დაგმოს და დათრგუნოს ხორცი თვისი და აღაზევოს სული.ხორციელი სხეული ჭურჭელია, ხორცი სამოსელია სულისა.სული ვერ მიაღწევს სრულყოფას ხორციელ ჭურჭელში გამოვლის გარეშე.სრულყოფილი მხოლოდ უფალია, ადამიანი კი მსგავსია უფლისა,მარად სრულყოფისაკენ მსწრაფველი.თუმცა ადამიანის შვილი უფალი-ღმერთი ვერ გახდება, მაგრამ მიუახლოვდება მაინც, ანუ ემსგავსება მას.უფლისკენ სწრაფვის პროცესში იმოსება ადამიანი საღვთო სიბრძნით და სინათლით. მთელი მადლი ამ ბრძოლაშია და არა მიღწეულ მიზანში.ბრძოლის უნარი კი საღვთო მოშურნეობას ემყარება. საღვთო შურია ის გრძნობა , რომელიც განუწყვეტლივ აფხიზლებს წარმავლობასა და მარადისობას შორის მავალ მოკვდავს.ვინც სრულყოფილებისაკენ, უფლისკენ მავალ გზაზე მოშურნეობით ვლო,იგი მიწაზევე, ხორციელ სხეულშივე განიწმინდა და განიღმრთო.ქართული სასულიერო მწერლობა იცნობს არაერთ მოღვაწეს, რომლთაც საღვთო მოშურნეობით განვლეს ცხოვრება და ღირსსახსოვარი კვალი დატოვეს. ასეთი წმიდა მოღვაწეა გრიგოლ ხანძთელიც. წმინდა მამა გრიგოლი ,,იყო შვილი წარჩინებულთა დიდებულთა და მართლმორწმუნეთა მამა-დედათა“(მერჩულე) ხორციელად შობილი, ხორციელი მშობლებისაგან, რაც ბუნებრივად განაპირობებს მის ადამიანურ, მიწიერ ბუნებას,ხორციელი სურვილებითა და მოთხოვნილებებით.თუ როგორ განვლო წმიდა მოღვაწემ გზა წარმავალიდან მარადჟამობამდე ,,მადლითა და შეწევნითა ღმრთისაითა“გვაუწყა გიორგი მეჩულემ.ხოლო მრავალი წლის შემდეგ წმიდა მამის ცხოვრებას კიდევ ერთი ღვთის მადლცხებული კალამი შეეხო, კალამი ვასილ ბარნოვისა.ვასილ ბარნოვის ისტორიული რომანი ,,ტრფობა წამებული“ თვალწინ გვიშლის გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობის პერიოდის საქართველოს . ეს არის ამბავი ძლევამოსილი აშოტ კურაპალატისა, რომლის ბედის მსვლელობაზე წმ. მოღვაწის ხელწერაც ასახულა.როგორია ვასილ ბარნოვის გრიგოლ ხანძთელი? ბარნოვისეული წმ. გრიგოლი ადამიანია, კაცი უფლის გზაზე შემდგარი,რომელიც მოწოდებულია ყოველივე ხორციელის უარყოფით აღაზევოს სული თვისი. იგი ადამიანურ ბუნებას ეურჩება, სიტკბოებას ამქვეყნიურს უარყოფს. მაგრამ რას ამბობს მწერალი? ბარნოვი ხორციელი მშვენების უარყოფაში ვერ ეთანხმება წმინდანს.ვინაიდან ხორციელი მშვენებაც ნაწილია თვით უზენაესი უფლისა. როგორც ჭეშმარიტებას ვერ მოსტაცებს უფალს სატანა, ასევე შეუძლებელია მოსტაცოს მშვენიერების და სიყვარულის უმცირესი ნაწილი. ხორცის უარყოფა თვით მისი შემოქმედის უარყოფაა. ,,უარჰყო იმან (გრიგოლმა) ერთი ნაწილი თავის ბუნებისა.თავისი ნივთიერი არსება.შეუდგა აწ განვითარებას მხოლოდ სულისას. -გგონია, კარგადა ჰქმნა?დარწმუნებული ხარ მცნება უფლისა აღასრულა?ნუ იფიქრებ!ღმერთს ჭკუა არ ესწავლება.იმან შეგქმნა ხორციელი და ჩაგბერა სული უკვდავი;ორი ბუნება შენი განუყრელად შეერთებული.უნდა დაჰმორჩილდე ნებას ყოვლად ბრძენ შემოქმედისას.გიყვარდეს ხორციელიც და სულიერიც შენი არსება.იზრუნო მასზედ, განავითარო.განგებამაც ესე დააწესა:მოგცა წესდება ხორცისათვის და მცნება სულისათვის...სული და ხორცი განუყრელად არიან ერთქმნილნი და განვითარების გზაზედ ეხმარებიან ერთმანეთს.ვერავინ გაჰყრის სამუდამოდ ერთქმნილ ხორცს და სულს.ვერც ამქვეყნად, ვერც თუ იმქვეყნად....ხორციც ვითარდება,წმიდავდება, უკვდავ იქმნება,სამარადისო ყოფნას ეზიარება, ვით სხეული სრულის ღმერთ-კაცისა,ოღონდ აამაღლე იგი,განავითარე,ჰაეროვან ჰყავ,ნათლით შემოსე, დაუახლოვე ღმერთს განკაცებულს. ადამიანი სახეა ყოვლადშემძლებელი შემოქმედისა,მისთვის არაფერია შეუძლებელი.“ (ვ.ბარნ) ამ ეპიზოდში ნათლად ჩანს ვასილ ბარნოვის ხედვა:განღმრთობა ხდება არა მხოლოდ სულით, არამედ ხორცითაც.მღვდლის ოჯახში აღზრდილი და სასულიერო სემინარიაში განსწავლული ბარნოვი, რომელიც შემდეგ იმავე სემინარიაში მასწავლებლობდა,ცხადია საფუძვლიანად იცნობდა მართლმადიდებელ ქრისტიანულ სარწმუნოებას.ქრისტიანული რელიგიისთვის ცნობილია არაერთი წმინდანი, რომელნიც ხორციელადვე აღმაღლდნენ ზეცად ან რომელთა სხეულის ნაწილებიც საუკუნეთა მანძილზე უხრწნელია.თვით უფალი იესოს ხორციელი აღდგომაც დასტურია ამის. წმ. მამა გრიგოლი ხორციელ ბუნებას ებრძვის და იმარჯვებს კიდეც ამ ბრძოლაში, მაგრამ მაინც ადამიანია, მიწაზე მყოფი.დედამიწა კი ანგელოზებით როდია დასახლებული, აქ ცხოვრებისა და მოღვაწეობის კეთილად წარმართვისთვის მხოლოდ უფლის შეწევნა არ კმარა. საჭიროა საღი აზრი და მტკიცე ნებისყოფა. გრიგოლი არაერთხელ ავლენს აზროვნების მეორე,პრაქტიკულ მხარეს. იგი უფლისგან კარნახს და სასწაულებრივ ხილვებს როდი ელის, არამედ დამოუკიდებლად,თავის ადამიანურ ნებას უქვემდებარებს სხვა ადამიანების ქმედებას.მას მხოლოდ საკუთარი თავი არ გადაუდია საუფლო მსხვერპლად.განდეგილობაში, მარტომყოფობასა და მხოლოდ სულის საოხად ლოცვაში კი არ იწმიდება, არამედ აქტიურ მოღვაწეობაშია, მარად მოქმედებაში.,,კეთილად განმგებელი და უდაბნოთა ქალაქმყოფელი“ გრიგოლი არ კმაყოფილდება საკუთარი სულისა და მონასტერთა შენებით, მას განუზრახავს სხვისი ხელითაც შესწიროს უფალს მსხვერპლი.ეს სხვა არის თებრონია.,,ესეთი გაკაჟებული გული არის საჭირო იმ მრავალსახე და დიდ მსხვერპლისათვის რომელი მსურს შევსწირო მე თებრონიას ხელით ღვთაების ნებისყოფას შეუსაზღვრელსა“(ვ.ბარნ)ფიქრობს წმ.გრიგოლი და ამ ფიქრიდან ჩანს არა ქრისტიანული გრძნობიერი დამოკიდებულება მოყვასისადმი, არა ღვთისმიერი სიყვარულით ნაკარნახევი სურვილი, არამედ კარგად გათვლილ-გაანალიზებული სვლა, ძლიერი პიროვნების შემოკავშირების,თანამოსაქმედ გახდომის გეგმა. გრიგოლ ხანძთელი შემდგომ უფრო დიდ პოლიტიკურ ნაბიჯებს დგამს, რომელიც არა თუ არ ამოდის წმიდა ქრისტიანული განცდებიდან, არამედ ეწინააღმდეგება კიდეც მას.იგი აშოტის მოძღვარს ავალებს აღიარებინოს აშოტს ცოდვა(შუქურისადმი ტრფიალი, რომელიც ავტორმა ღვთისგან კურთხეულ და კაცთაგან დაგმობილ კავშირად წარმოგვიდგინა) და დაატოვებინოს, დაათმობინოს იგი.ხოლო დავალების აღსრულების შემდგომ ხუცესმა აუწყოს ყოველივე გრიგოლს,თუ როგორ წარმართა აღსარება და რა მოისმინა კურაპალატისაგან. ,,აღსარება უნდა იყოს შედეგი პირად მოთხოვნილებათა საკუთარისა,ბაგენი უნდა აღმოიტყოდნენ მას,რას უკარნახებს გრძნობა იდუმალი.“-ბჭობს ხუცესი, მოძღვარი აშოტისა,გრიგოლთან საუბრის შემდგომ-„აღსარება უნდა იყოს თავისუფალი,ყოველგვარ სხვა მიზნის გარეშე მყოფი,გარდა წრფელი სინანულისა.მე კი მავალლებენ თითონ დავუსახო ცოდვა განსაზღვრული,იძულებელ ვყო ვათქმევინო ის და განვუწესო უსათუოდ მოსპოს იგი ცოდვა.ეს არის ძალა ჩემს სინდისზედ მოტანილი და არ შემიძლიან მისი აღსრულება. მიბრძანებს ვამცნო იგი აღსარება,გავაგებინო.არ ეგების!უკეთუ მოძღვარმან გასცეს აღიარებული,აღმოეკვეთოს მას ენა იგი ცუდადმეტყველი.“ --ხუცესის მიერ გრიგოლის მოთხოვნის ასე მართებულად განსჯით ავტორი თითქოს უპირისპირებს ერთმანეთს ერთი მხრივ, ბრწყინვალე შარავანდედით მოსილ მოღვაწეს,წმიდა მამა გრიგოლს და მეორე მხრივ,უბრალო მოძღვარს, რომელიც რატომღაც უფრო გრძნობიერად შეერთებული ჩანს უფალთან.მას წარმოსახვაშიც ვერ დაუშვია ოდნავ მაინც გადაუხვიოს ჭეშმარიტ ქრისტიანულ პრინციპებს და ჩაიდინოს ის, რაც წმ.გრიგოლისთვის დასაშვებია და სულაც არ მიიჩნევა დიდ ცოდვად.ეს ეპიზოდი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს გრიგოლ ხანძთელის მიზანმიმართული, პოლიტიკურად მოქმედების უნარის მქონე პიროვნებას, რომელსაც ისევე კარგად ძალუძს ამქვეყნიურ საქმეთა მართვა, როგორც სულთა წვრთნა საიმქვეყნიოდ. შემდეგი პოლიტიკური ნაბიჯი არის შუქურის წაყვანა დედათა მონასტერში.ამ ამბავზე გიორგი მერჩულე გვამცნობს: ,,ხოლო ნეტარმან გრიგოლ პოვა ჟამი მარჯუე, ოდესცა კურაპალატი შორს იყო არტანუჯსა.“ და სიძვის დიაცი საბელმობმული წაიყვანა დედათა მონასტერში.... დედათა მონასეტრში მიბრძანებულ აშოტს გადაულახავ ზღუდედ დაუხვდა დედა თებრონია.მეფე იძლია ღვთისმსახურთაგან. ,,ნეტარ მას კაცსა, ვინ არღარა ცოცხალ არს“თქვა ,,შეურვებულმან კურაპალატმან გულისა შეჭირვებისაგან“(მერჩ) მამა გრიგოლი მიწიერ გვირგვინოსანს არ ეკითხება, ისე წარმართავს მისი ცხოვრების ისტორიულ ეპიზოდს ნებისაებრ თვისისა.იგი ყველას უმტკიცებს რომ უხილავი შარავანდედის წინაშე უძლურია სკიპტრა და გვირგვინი მეფისა, თუნდ უფლის ხელით გვირგვინდადგმულისა. მამა გრიგოლი აქ გვევლინება როგორც სამეფო ოჯახის და მთელი ქართველი ერის ზნეობის დამცველი,რომლის მოქმედების ერთადერთი ახსნა და გამართლება სწორედ ესაა. სამწუხარო და საგულისხმო დასასრული აქვს მეფისა და შუქურის ტრფობას.გრიგოლის მიერ გაკაჟებული გულით და თებრონიას ხელით შეიწირა შუქური მსხვერპლად.მაგრამ საკითხავია უნდოდა კი უფალს ასეთი მსხვერპლი? შეიწირა კი?მიიღო კი? ვასილ ბარნოვი შუქურის სიკვდილს ისე გადმოგვცემს რომ ოდნავ ჩრდილსაც კი არ აყენებს წმიდა მოღვაწეებს,მამა გრიგოლსა და დედა თებრონიას.თითქოს მათ ოდნავი ბრალიც არ მიუძღვით შუქურის სიკვდილში.და თითქოს არც იციან რომ შუქურის სიცოცხლე მზაკვრის ხელით მოისპო, მაშინ , როდესაც დედა თებრონიას არასოდეს გამოეპარებოდა რომელიმე მოლოზნის ერთი უწმინდური აზრის გაელვებაც კი.და მით უფრო მაშინ, როდესაც მონასტერი ძლევამოსილი მეფის ესოდენ საყვარელ არსებას იფარებდა. ადამიანის ყოველ ქმედებას აქვს მიზეზი ან მიზანი. ყველა ისე იქცევა როგორც შეუძლია, რამდენის საშუალებასაც აძლევს მას საკუთარი სულიერი თუ გონებრივი დონე. იმ საზომით ზომავს, რამდენსაც გასწვდება მისი გამოცდილება და სიბრძნე.ცხადია გრიგოლის მოქმედებასაც აქვს მიზეზი, მიზანი და ახსნა. ისევე როგორც აშოტის ქცევას . ცხადია ამ საკითხებზე ხამს დაფიქრებაც და სჯაც. მაგრამ ერთი კია, წმინდა მამა გრიგოლ ხანძთელი იყო ბრძენი და ღვთის მადლით მოსილი და ალბათ მრავალ გზათა შორის მან ყველაზე ეფექტური აირჩია მეფის ცოდვათაგან და ერის ზნბეობრივი წახდომისაგან სახსნელად.ვასილ ბარნოვს არ მოუცია მზამზარეული, ფორმულირებული დასკვნა წმ.გრიგოლის ქმედებების განმსჯელი. მან მოგვცა მცირე მინიშნებები იმაზე საფიქრელად, რომ მიუხედავად უდუდესი მოშურნეობისა და ღვაწლისა,წმ.გრიგოლიც იყო კაცი, კაცის ხორციელი ძე და ზოგჯერ იქნებ უნებლიედაც უწევდა განეხორციელებინა ისეთი რამ, რაც მისთვისაც არ იყო სასურველი,მით უფრო მაშინ , როდესაც შედეგი უმეტეს იყო ცოდვისა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
gamarjoba mainteresebs es statia romeli wlit tarigdeba?