ქორებს დაგირეკავ ციხე -გოდლებიდან


ქორებს დაგირეკავ ციხე -გოდლებიდან,
თვალში მოგხვდები და რკინა ჩაგადნება.
კოშკის გალავნებზე ცეცხლად მოვდგები და
თვალებს ავიდევნებ ფრთამალ შავარდნებად.

წავალ მტრის სადგომში როგორც მპარავი და
აბჯარ გახევებულს მჯიღებს გაჭმევინებ,
ვნებას დავიტაცებ სულთნის კარავიდან,
და პირსისხლიანთა მკლავებს გაჭრევინებ.

მეციხოვნეები ისარს დამიშენენ,
თვალს არ მომწყვეტავენ სათოფურებიდან.
ყველას გასაოცრად შენვე მოგიშველებ,
ცხელ რძეს გაწველინებ ირმა ფურებიდან.

ჩაგეკეტინები,ნუღარ გამომიშვებ.
ერთხელ  საკოცნელად გამემეტები და...
სავსე მთვარეობას ნაწნავს ჩამოგიშლი.
ციხე გადავიდეს დედა სვეტებიდან.

4 აპრილი... 2016

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი