ტყეებში ხეები დალაობენ
ტყეებში ხეები დალაობენ, ფოთლები სისხლიანი ცრემლებია, ალები ირმის რძეში ბანაობენ, თმა მათი -ცეცხლიანი ცელებია. ავახ, შენს ვაგლახად შემოდგომას, ჩემს ეზოს-მწუხარე მერცხლებიანს. რა ვუთხრა შენისთანა შემოდგომას, ღიმილნი ხელიდან მეცლებიან. ,,დალაი“-კვნესიან ქარიშხლები, მე ჩემი საკვნესი მეკვნესება. შენი სიყვარულით დავიშლები, სურვილი ცეცხლივით მეკვესება. უშენოდ სიცოცხლით მოღლილი ვარ, შენთან იანვარიც მემარტება, ყინვაში დარგული ყოილი ვარ, შენი გაწვიმება მენატრება. უშენოდ ჩაჟანგული ხირიმი ვარ, დარდი ვარ,ცრემლებად დადენილი. უშენოდ ობოლი ირემი ვარ, ჯიქანი ლექსით მაქვს გატენილი. უშენოდ აბედივით ვიწვები და ქარებთან დავდივარ სადალაოდ. ლექსებს რძესავით ვიწველი და ალებს ვაძლევ ხოლმე საბანაოდ. 31 ოქტომბერი, 2001წელი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი