მოდილიანი


ერთხელ მოდიმ თქვა (მოდილიანიმ, 
ფამილარობად ნუ ჩამითვლით, - მეგობარია, 
საუკუნეა ჩემთან სახლობს, კედელს მიმშვენებს.
პოეზიასაც მან მაზიარა.)
ჰოდა, მოდიმ თქვა: სამყაროა ადამიანი,
ნებისმიერი სხვა სამყარო მცირეა მასთან.
სჯობს განვმარტოვდე საფლავის ქვასთან,
დავრჩე მართალი საკუთარ თავთან,
ვიდრე ვიცხოვრო მჭვუნვარემ ცხადთან
უსიყვარულოდ.
ექსცენტრიული ჩემი ორბიტა 
მე თავბრუს მახვევს,
სასოწარკვეთით დედამიწა
ვულკანებს აფრქვევს.
შენ შემოიჭერ ჩემს ცხოვრებაში 
               ბოროტების მებაირაღედ?
შენ შემოუძეხ მტრის კოლონას?
განა არ იყო საკმარისი ამდენი ცოდვა,
ადამიანებს რომ აწევთ ზურგზე?
როცა მლიქვნელთ და გონებასუსტთ
              მიჰყავთ აღლუმი,

როს ღალატია მათი მრწამსი და მეფობს შური, 
როგორ შეძელი, დამიფატრე მტკივანი გული
და ჩემი სისხლით შეიღებე მაცდური პირი,
გამოიმეტე ამდენი კირი
სიყვარულის დასამარებად.
ნიბირუ მოდის, გეშინოდეთ, ბოროტ ქურუმნო,
ვარსკვლავი მოდის, წითელი მზე დამანგრეველი,
ოკეანეებს გადმოანთხევს, ცეცხლით წალეკავს
მაქციათა და ვამპირთა სასტიკ სამყაროს.
როგორ ვუშველო ჩემს პლანეტას,
მთრთოლავს, საბრალოს?
ექსცენტრიული ჩემი ორბიტა 
მე თავბრუს მახვევს,
სასოწარკვეთით დედამიწა
ვულკანებს აფრქვევს.
როგორ ნაზია რტო ატმისა გალაკტიონის,
მოდის ელვირა, უფლისწული სენტ-ეგზუპერის,
ისე ნაზია სიყვარული, უთვალავ ფერის,
იქ, სადაც უყვართ, მთა-ბარიც მღერის.
ერთხელ მოდიმ თქვა: სამყაროა ადამიანი,
ნებისმიერი სხვა სამყარო მცირეა მასთან.
სჯობს განვმარტოვდე საფლავის ქვასთან,
დავრჩე მართალი საკუთარ თავთან,
ვიდრე ვიცხოვრო მჭვუნვარემ ცხადთან
უსიყვარულოდ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი