ვით ყველა უფრთო
აცრემლებულან ცის ტრამალზე ლურჯი გვიმრები, ცა საცერია ვარსკვლავების ღრუბლების უფრო. ქარი ჩუმ-ჩუმად ეპარება ცისფერ ჰორიზონტს და მეც გაფრენა ისე მინდა ვით ყველა უფრთოს... ვაზის რტოები დღის სურნელში აწებენ ფოთლებს, უბეში უზის ცის კიდურებს ყველა ვარსკვლავი, ციდან ცრემლებმა ეს სამყარო ვარდისფრად მორთეს და ახლა წუხილს ისე აყვნენ როგორც საკლავი.... გადაუღეღა დედამიწას პერანგი ლავამ, შენ, ახლოსა ხარ და ამავე დროს ჰორიზონტს გაღმა, წარსულის ქუჩებს უშენობის სუნი აქვთ კვლავაც, და ახლა მინდა ეს მანძილი ისევე დავღრღნა როგორც უმხედროდ გახედნილმა ტრამალის ცხენმა. მერე, კი, დრონი დარჩებიან მხოლოდ უცვლელნი, აჩრდილებს ვეძებ, ჩაძირულებს ტბაში ცრემლების. ქვეყნად არცერთი ბეღურაა გარდაუცვლელი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი