არც ისე ბანალური


ვარსკვლავები ცას მოადგნენ ლაბად,
ოცნებებს უჭირთ ატრიალონ მორევი ღამის,
დახეთქილ ქარებს გადაკიდე ფიქრები კაბად
და ახლა სუნთქვის უფილტვო წამებს გავყევი ლამის
.
არწივის ფრთებად გაიშალნენ ცაზე ღრუბლები,
ქარებმა ისევ შემოფხრიწეს ნისლი მწვერვალებს,
ნამელოტარმა შავმა ნისლმა ამოაფურთხა
და ბოხი ხველა დააყოლა ძველი მწეველის.

გამოელია არაქათი სირბილით გრიგალს,
ნაცოდინარი ოცნებები ისევ ვიშვილე,
შემომეჩვია შენი მზერა მე კეთილ ჩვევად
რომელსაც უკვე აღარ და ვეღარ ვიშლი მე.

დღეს მზის სხივები ნაყრდებიან სურნელით შენი
და გულსაც უნდა შეინახოს სისხლი უბეში
მოწმენდილ ზეცას მზეზე მეტად ღიმილი შვენის
და დაკარგულის დაბრუნება (ისევ ნუგეში)...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი