მე ვარ მსხვერპლი
მე ვარ მსხვერპლი. მე არ მინდოდა განათლება, მითუმეტეს ტექნიკური. მე არ მინდოდა განშორება, მითუმეტეს ვინც მიყვარს, მასთან. მე არ მინდოდა ჭაღარა თმაში, მე არ მინდოდა დიდი ლოდინი — ასეთი მცირე ხელფასის, მე არ მინდოდა ვალები და მასზე ნერვიულობა. მე არ მინდოდა ხის მოჭრა, თუნდაც ძვალ-ტყავში წყალდამშრალი ბებრის, — ღუმელში დასაწვავად. მე არ მინდოდა შენს სახეზე ცრემლი, შენვე მოგეწმინდა. მე არ მინდოდა საერთოდ რომ გაგჩენოდა ცრემლი. მე არ მინდოდა საკუთარი ცხოვრება გამეუპატიურებინა. მე არ მინდოდა მეწერა ლექსები, მაგრამ ერთადერთს ვხვდები, რომ ახლა მჭირდება, როგორც ჰაერი, წყალი და ნატეხი პური. მე არ მინდოდა, ბევრი რამ, რაც ჩემს ნაცვლად გადაწყდა, მაგალითად, რომ დავიბადე, ჩემთვის ვინმეს მაინც უკითხავს — მინდოდა?..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი