ოცნებები


...
დავრდომილ ჩრდილთა ბადეში ისევ
ელვარებს ჩუმი სიცივე,ზანტი,
ქვად ნაქცევ გულის ტკივილებს მივსდევ,
ბილიკებს ისევ აწვიმს და აწვიმს...
ვინატრო თუნდაც სულის სიმშვიდე,
ველოდო ისევ,ან კი აქვს აზრი?
განუკითხავი ფიქრთა სიმძიმე,
სვლას შეანელებს სუსხსა და ქარში.
რამდენს გავექეც სეტყვას და ელვას,
რამდენ ჩატეხილ კიბეებს გავცდი,
მაინც მეწევა გზადაგზა სევდა,
მაინც ზეციდან მათოვს და მაწვიმს...
ღამით როდესაც ლანდებს გავურბი,
სიზმარი მიპყრობს ვით ჩვილი ბავშვი,
იქაც იგივე გამეორდება,
გაყინულ ხელთა მკვდრისფერი ასლი.
ისევ მივიწევ წინ როგორც ძალმიძს,
ვებრძვი სიცივეს,სეტყვას და ელვას,
თუმცა ბილიკებს ედება ხავსი,
თითქოს სულ მუდამ ერთ ადგილს ვთელავ...
ცად აწვდილ სივრცეს ვითარცა არწივს
მიაპობს წლები ზანტად,ნელ–ნელა,
სიზმარიც ისევ გახდება ცხადი
და ოცნებები გულში ბერდება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი