ერთ დროს


ერთმანეთში არეული ტყული და მართალი
და მათ შორის საზღვარიც არმაღალი მთებია,
ისევ სხვისი წაკითხული ზნე-მორალის ცხრა თავი
და ჩვენს შორის საზღვარიც მცირე გორაკებია.

შენც ხომ გახსოვს ჰეფესტოს კლდეთა ზღუდე ცათამდის?!
თვალწარმტაცი მწვერვალები ღრუბლებს როცა გახევდა,
როცა მტკიცეს, მარტოობის, ამ ფრთებს ჩემთვის ჭედავდი
და თვით ზეცაც შენს ნახელავს სევდის ცრემლებს ანთხევდა,

ახლა აღარც მთებია, აღარც შენი სამჭედლო
მაგრამ შენი ნაჭედი მარტოობა მთელია
იღბლის ბედაურები ახლა ვინღა გახედნოს?!
ძველი სიდიადისგან ტაძრის ნანგრევებიღა

დარჩა ისიც ეულად, ერთი-ორი ლოდიღა
და ეს მთებიც ილევა ჩუმი ნაპრალებიდან,
ჩვენ წარსული დიდების, მივეჩვიეთ, ლოდინს და
აწმყო გამოგვეპარა ჩვენი თვალთახედვიდან,

 მცირე გორაკებამდე, არმაღალი მთებიდან,
მერე თუნდაც ბილიკად გადაქცეულ საზღვრამდე
ერთ დროს თანასწორებიც გვიყურებენ ზევიდან
და იცდიან საზღვრების ჩვენი ხელით დაშლამდე.

	ნუღა გვიკვირს ჩხარუნი, თუკი ვეღარ გავიგეთ
უკვე გახდილ, დაჟანგულ, მივიწყებულ აბჯრების
მარაზმია რომც კი ვთქვა მახე ჩვენვე დავიგეთ,
გვიანია ისედაც გასაშლელად აფრების,

მცირე გორაკებამდე, ერთ დროს დიდი მთებიდან,
მერე თუნდაც გაკაფულ ტყეთა პირქუშ საზღვრამდე
გაზგასული პროტესტით ოცდაათი ვერცხლიდან
წუთისოფლის სცენაზე უკანასკნელ ტაშამდე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი