მზე
რამდენად უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ ამგვარი დასაწყისი, გეტყვით, რომ მზე მარტო ლუდოვიკო XIV არ ყოფილა. ჩვენ ყველანი რაღაც მხრივ „მზეები“ ვართ. ბუნებრივია, მზეში იმ დიდ, ნათელ და ცხელ ვარსკვლავს ვგულისხმობ, ცაში რომ მოჩანს და არა წარწერას-„მზე,“ ვიღაც ლაწირაკმა ეს-ესაა საკუთარი ნახატის გადაკეთებით რომ მიიღო და საოცარი შედეგით დამტკბარი შიგადაშიგ ჩაიხითხითებს ხოლმე. ადამიანის ცხოვრება იმ სამყაროს ბრუნვაა, რომლის ცენტრიც თავადვეა . სწორედ ამით ემსგავსება ადამიანი მზეს. ჩვენ ყველას ჩვენი მზის სისტემა გვაქვს შექმნილი და ყველა და ყველაფერი ჩვენ ირგვლივ ბრუნავს, დიახ! ჩვენ საკმაოდ დიდი ეგოისტებიც ვართ, რადგან ამ სისტემაში ჩვენ ირგვლივ ვატრიალებთ ყველას და ყველაფერს, აქ მხოლოდ ის პლანეტები იარსებებენ, რომლებიც სხვებზე უფრო ახლოს იქნებიან მზესთან და მისგან უფრო მეტ სითბოს მიიღებენ, მაგრამ არა მეორე მზე, არა და არა! ჩვენივე სამყაროს, ჩვენივე ცხოვრების ცენტრს სწორედ ჩვენ წარმოვადგენთ. ჩვენ გარშემო უამრავი სხეული ბრუნავს ჩვენი (ან დროისა თუ გარემოების მიერ) შერჩეული სახელებით, მაგალითად:საუკეთესო მეგობარი, ისე რა მეგობარი, გამარჯობა-გაგიმარჯოს, კიდევ უამრავი კომეტა, დაუდგენელი კანონზომიერებით რომ ჩამოგიქროლებს და შენგან მზეობა კი არა, დახმარება უნდა, იმიტომ რომ მას ასე სჭირდება! და ა.შ. ბუნებრივია, ამ პლანეტებს თავისივე თანამგზავრები ჰყავთ, ზოგიერთი კი თვითონაა თანამგზავრი, მერე ამ პლანეტების მზე მეორე დილამდე ჩაესვენება, ყველაზე საინტერესო კი სწორედ მაშინ ხდებაქ როცა ამ სისტემაში არსებულ ყოველ პლანეტაზე ღამდება, რადგან სწორედ მაშინ, როცა მარტო ხარ, სწორედ მაშინ, როცა შენი სხივების დღიური ნორმა უკვე დარიგებული გაქვს და მარტო რჩები, სწორედ მაშინ აძლევ საკუთარ თავს იმის გამხელის ნებას, რომ რასაც გასცემ, როგორმე შენც უნდა მიიღო, თუ არ გინდა, რომ (მ)ზეობის ხანა დაასრულო. სწორედ მაშინ ხვდები, რომ შენც გჭირდება შენი მზე, რომელიც ხან ამოვა, ხან კი ჩავა, მაგრამ მაინც შენი იქნება. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად ძლიერად აფრქვევ შენს სხივებს, მაინც დაღამდება, ზოგი პლანეტა კი ისე მოსწყდება თავის ჩვეულ ორბიტას, თითქოსდა შენ სულაც არ ასხივებდე ერთ დროს მისთვის ასე მნიშვნელოვან სინათლეს და აღმოჩნდება, რომ თურმე არც მასზე მოქმედი მიზიდულობის ძალა გაგაჩნია, მერე თუ პატივი დაგდო, ერთი ორჯერ ჩამოგიქროლებს მოხეტიალე ასტეროიდივით, მთავარია, შენს რომელიმე ერთგულ პლანეტას არ მიეხეთქოს უზარმაზარი კინეტიკურ-ბოღმური ენერგიით აღსავსე და მასზე სამუდამო კრატერი არ დატოვოს, თორემ მსგავსი კომეტა-ასეტეროიდები ხშირად დაგირღვევენ კოსმიურ ჰარმონიას, ეგ კი არა სატურნს ასტეროიდების უზარმაზარი სარტყელი აკრავს, მაგრამ თავის მეობას არ კარგავს და ისევ ის ბიჭია, ხუჭუჭა, პატარ... კი არა, ისევ ამაყი და მნიშვნელოვანი წევრია ჩვენი სისტემისა. საბოლოოდ, რამდენიც უნდა ვიმზეოთ, ზოგიერთი „მადლიერი“ ერთიანად დაძლევს სინდისისა და ჩვენი მიზიდულობის ძალებს, მაგრამ რას იზამ, ზოგიერთ მზეს კი სჩვევია აფეთქებები და მადლიერების სანაქებო გამოვლინების საპასუხოდ საკადრისი პლაზმის გატყორცნა, თუმცა ვგონებ არ ღირს ზოგიერთი უღირსი სხეულის გამო საკუთარი კოსმიური ენერგიის ფლანგვა, მით უმეტეს, რომ ღირსეულნი უნდა გაათბო და გაანათო, რაც ხშირად (როდესაც საკუთარი მზე არ გყავს) იმდენად რთულია, რომ საკუთარი სულის ნატეხებით გიწევს ააგიზგიზო ის ღუმელი, რომელიც მუდამ უნდა ენთოს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი