მე შენ გადიდებ!


დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, დიდება შენდა,
რწმენაგაწრთობილს სხვა სიტყვებით ძალმიძს გადიდო,
მე ამგ ზას ვირჩევ,თავდახრილი შენთან მოვდივარ,
რომ სასუფევლის კარი როგორც ცოდვილს გამიღო.
 
ისევ აღელდა, მაჯისცემით, გული მშფოთვარი,
განაჩენს ველი, ბრალდებული, ერთხელ კი არა,
ვითხოვ შენდობას, ცბიერი და ფიქრის მკვლევარი,
ვარ ნაწვალები, ეს რომ ვიცი, შენთან რომ არ ვარ.
 
ვიცი ძნელია, ჩემებრ მლიქვნელს მიუძღვნა თავი,
კაპერნაუმი გაიხსენე, ანდა გოლგოთა...
ავაზაკი ვარ, სიკვდილამდე რომ გეჩურჩულე,
ღმერთო შემინდე, არ ვიცოდი, თუ რა მინდოდა!
 
შეგეცოდები, ამ ერთხელაც, შეგებრალები:
გულში ჩამიკრავ, როგორც საწყალს, როგორც შენებრ სწორს...
დამეფიცები, ასე მეტყვი, მიყვარხარ, რადგან
მაინც შესძელი კაცადყოფნა, ადამიანო.
 
შენ ეზიარე მარხვის ძალას, დასთმე ვნებები,
წმინდა სისხლისთვის, გაიმეტე ხორცი ვერაგი,
სულს შვება მიეც და ნამდვილი გულით მოხვედი,
იცი თუ რაა,  მადლის ძალა, წმინდანთ ვენახი.
 
სხვას დაანახე შენში სული, როგორ იზრდება,
ჩვილი ბავშვივით, როგორ უნდა მას მოუარო,
რა უნდა შექმნა ცხოვრებაში კაცმა სიკეთით,
თუნდ ეს ცხოვრება, სულ ტკივილით რომ გაიარო.
 
იცი, უფალო, ლოცვის ძალით, მე ეს შევძელი,
რომ გაჭირვებას არ მოეკლა ჩემში იმედი!
რომ არ მეგლოვა, გარდასული ტკივილებისთვის,
და ამიტომაც ხელგაშლილი შენთან მოვედი.
 
და შვილო ჩემო, ასე რთული არის ცხოვრება,
მაგრამ ამისთვის მე შევქმენი ადამიანი...
მივეცი ძალა, მოთმინება, რწმენისთვის ფიქრი,
რომ შეუგნებლად, სულს არ მისცეს ზღვა სატკივარი.
 
ვერ დაივანა ცოდვილთ გულში შენმა სახებამ,
არ გაღიარეს ერთ არსებად, როგორც პილატემ,
და ახლაც სჯერათ, რომ ცხოვრება აქ დასრულდება,
ვერ იხსენებენ, ცოდვილთათვის, შენ რაც იტანჯე.
 
უფალო ვიცი, მე ვერ შევალ წმინდანთ სამყოფში,
ერთს ვითხოვ, მხოლოდ სათხოვარი სხვა რაღა მრჩება,
გადარჩეს ჩემი ცოდვით სავსე ტანჯული სული,
უკვდავი იყოს, სასუფეველს, მარად ვინც რჩება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი