უაზრობის ლექსი


რა გინდა რომ თქვა ისეთი რაც არ
უნახავთ თვალებს, სმენიათ ყურებს
თოვს ანუ ზეცამ ღრუბლები გაცრა 
და მე უბრალოდ კადრებს უყურებ
რომელსაც უფრო ვუხამებ სახელს
- ზეცის ბუხრიდან ჩამოქნილ ნაცარს,
და ყოველ დილით სარკის წინ სახე
არის ნიშანი ტკივილის - აცრა
ასე რომ ქვია და გახსოვს მხარზე.
სარკის წინ ვტოვებ ფიქრების დასტას
ღრუბლებიც თითქოს მაძლევენ დასტურს
და ცაში თეთრი მსუბუქი ხაზი
ძაბრის ყელივით მოგრძო და ვიწრო
ზეცის ეკრანზე მაგონებს ტიტრებს.
ძნელია ნახო ისეთი ვინც რომ
წელზე შემოგხვევს ლექსიან თითებს 
და შენს თვალებში ჩარჩენილ კადრებს
თოვლს ანუ ზეცის ჩამოქნილ ნაცარს
ის დაინახავს იმაზე ადრე 
იმაზე მეტსაც, გინახავს რაც არ...
და ყოველ დილით სარკის წინ ვტოვებ
ფიქრებს, რომელსაც შენ იშრობ ფენით.
ზამთარი თეთრად იღერებს ტორებს
პარაშუტებით იწყებენ ფრენას
ფიფქები ჩემი ვნების ატაშე
შენი ტუჩების ირჩევენ ადრესს
ისეთი ვინც რომ სამყაროს გადრის
სულ თუ იქნება  ერთი ათასში.
ღმერთია მოწმე „ის“ ერთი მე ვარ.
რადგან ძნელია იწამო რაც არ
გინახავს, ალბათ ამიტომ გაცრა
ღმერთმა კაცი და შეუქმნა ევა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი