უშენობის სამყარო


მე უშენობის სამყარო მოვიგონე, რადიუსით
ერთი მეტრი. მეტრო -ჩემი სხეულის მაკეტი,
მარტი - მარტივი მოტივი, ვიღებ მაკრატელს
და ცხოვრების კადრებს ვანაწევრებ. რადიოში
ტალღებზე წოლას ვამჯობინებ ზღვას. რელიქვიად
ცა მიმაჩნია. ახლა გათენებას მე მთხოვენ
ღამეები. ვუსმენ ყანჩელს და არა ბეთხოვენს.
ჩემს ლექსიკონში სიყვარულს მაინც „მერი“ ქვია.
ფილტვებში ჩაფენილ სამყაროს ვურევ ნიკოტინს
ვუმატებ კოფეინს, ფილმის ნაცვლად ცას ვუყურებ.
შენ სამყაროს იქით ხარ გულს მხოლოდ ეს მიკორტნის
აქ ნაძვებს ძალიან უხდებათ წვიმის საყურე.
ცხოვრება ბანქოს მეთამაშება, ცა წეროებს.
სხეულს ყოველთვის არ ვატარებ,
დედამიწაზე ვარ პოეზიის ავატარი.
ჩემი ოთახის კედლები სავსეა წარწერებით
ლაშა, ოთარი, შოთა, მირზა, ლადო, აჩიკო...
ქუჩები სახეს იმალავენ ნისლის ვუალით
ისე უხდებათ სურვილი გაქვს ვარდი აჩუქო
ვფიქრობ სიცოცხლე ჩემთვის იყო გარდაუვალი
ალბათ სასჯელი ჩადენილი ცუდი ქმედების
დასჯა კი მკაცრი - უშენობით სავსე ძარღვები
სხეული - სულზე შემოკრული მძიმე ქედები,
ბოლოს საჯინჯგი უნდა იყოს რადგან ძაღლების
მე მოვიგონე სულ სხვა სამყარო რადიუსით
ერთი მეტრი, მეტროს მარტივი მაკეტი.
კოფეინს ვუმატებ ნიოტინს, ვიღებ მაკრატელს,
ვჭრი ფოტოებს. უშენობას ვსწავლობ რადიოში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი