უფროს მეგობარს


თამაზ გარსევანიშვილს 

ქუჩები დგამენ ნაბიჯებს თამამს
შენობებს მხრები უჭირავთ ფართოდ
თქვენ კი ყოველდღე ბატონო თამაზ
გუბეში ჩამხრჩვალ მთვარეზე დარდობთ
ღურბლების დაგაქვთ მსუბუქი ჩარჩო
ასფალტებს უშრობთ ამინდებს ფენით 
ცა წყენასავით თვალებში ჩაგრჩათ
და ვერ ეშვებით ჯიუტად ფრენას
წვიმა გაგონებთ გრძნობების ვერდიქტს
ბუნების სარკეს ჩაცქერით გუბეს
დგახართ დაკოჟრილ ხეების გვერდით
და ცა ვერ მალავს ავადმყოფ გუგებს
ღამეა რაღაც ქუფრი და თანაც
იტკიებს თითებს გზა და გზა მოჭრილს
დარდი გავს მკერდზე მიბჯენილ დანას
ნაძვებთან ისევ გოგო დგას კოჭლი
ქუჩები დგამენ ნაბიჯებს თამამს
შენობებს მხრები უჭირავთ ფართოდ
და თქვენ კი ისევ ბატონო თამაზ
გუბეში ჩამხრჩვალ მთვარეზე დარდობთ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი