დროა ჰელადოს
დროა ჰელადოს ნაპირზე გასვლის, ამ ზღვამ რამდენჯერ უნდა დაგვახრჩოს, შორით შევნიშნე კუნძულის კვალი, წავიდეთ თორემ ყოფა დაგვალპობს. სულში გადამცდა ეს კუპრის წყალი, გიკვირს?! მე სუნთქვით ვეღარ ვნადიმობ, არც სიცოცხლისგან მაქვს სახსოვარი, ეჰ, არც კი ვდარდობ, არც ბედს ვნადირობ. მიქცევ-მოქცევით ზღვა ფსკერს მიმაბჯენს, და დალექილი სიბნელით ვთვრები, მემატიანის სკამზე მიმაბეს, ვერდანახულის დანახვით ვშრები. დარჩენა არ მსურს, შორს მიწას ვხედავ, გავცუროთ გესმის ჰელადოს გასწი, იკაროსივით ფრენა არ მნებავს, ჩემში სინათლე მზესავით დავწვი. და ისევ, ისევ წასვლა ვარჩიე, სიკვდილ-სიცოცხლე რომ ვერ ვარჩიე, მწუხრს ნაკუწ-ნაკუწ გული ვაძლიე, მთვარედ ვიქეც და ღამე დავძლიე... დროა გავცუროთ ... მესამე გზისკენ, მესამე ცისკენ, მესამე ღვთისკენ, რომ გავარკვიო გული რად მიძგერს, რად ვერ სალბუნობს სილურჯის თავშლით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი