ასეც ხდება ხოლმე, გაიღვიძებ და ..


ასეც ხდება ხოლმე, გაიღვიძებ და თითქოს არც გიძინია, გახსოვს რომ საუბარი შეგეძლო, მაგრამ სიტყვები გონებიდან მიწას ეხეთქებიან შენ კი ზედ უვლი თითქოს აღარაფრად ღირდნენ, შემოდგომის ფოთლებივით...
ჯერ ცდილობ მათი მშვენიერებით დატკბე და ტერფებს აცილებ, ასკინკილით იკვლევ გზას, შემდეგ იღლები და თამამად იწყებ ნაბიჯების გადადგმას. გტკივა, მაგრამ არ იმჩნევ, გესმის მათი მსხვრევის ხმა, მაგრამ თავს იყრუებ... ტკეპნი ნაირნაირი ფერებით შემკულ ფოთლებს და ფიქრობ, რომ ისინიც მთელი წლის ნაგროვებ სიმძიმეს ვერ გაუმკლავდნენ და სამსჯავროს მოელიან, მაშინ როდესაც ზამთარმა უკვე გამოუტანა განაჩენი...
მათ ვგავართ...
ო, რა ძლიერ ვგავართ ადამიანები ფოთლებს, ღმერთის ტოტებზე აყვავილებული კვირტები ვართ, რომლებიც ისე მძიმდებიან, რომ არარაობას ემონებიან და ვიძირებით ...
ბურუსში...
უძრაობაში...
სიმხდალეში...
რადგან ჩვენი სული გამოვამზეურეთ და დაგვავიწყდა, რომ ბედნიერებას სევდის გარეშე სურნელი არ გააჩნია და თუ პირველივე ტალღასთან შეჯახება გამოგვაცლის ძალას ბედნიერებას ვერასოდეს ვეზიარებით...
ასეც ხდება ხოლმე, გაიღვიძებ და თითქოს არც გიძინია, თითქოს საუბარიც დაგავიწყდა, მაშინ როდესაც ვიღაც შენ ხმას ღმერთის შეძახილივით ელოდება... ღმერთის, რომელიც ბრძოლისკენ მოუწოდებს, რადგან თავშესაფარი ძალიან ახლოსაა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი