ხელები
იცი, ხელები სულის სარკეა და ანარეკლის გარეშე სიცარიელეს ემონება. მე შენი სულის ნაკვთები შევიყვარე და თითქოს ჩემი სიბნელე შენ სინათლეს გაუტოლდა, ჩემი სიშმაგე შენ სიმშვიდეს, ჩემი დაცემა შენ აღმაფრენას, ჩემი სიკვდილი შენ სიცოცხლეს, მარადიული სიყვარული დროის მმართველ აპათიას და თითქოს არესისა და არტემიდას ბაღში მოფარფატე ჰარმონიად იქცა. ამაზრზენია სილამაზე და მშვენიერება ერთტონად იგრძნო, მაშინ როდესაც მშვენიერება სულის ეპითეტია, სილამაზე კი ამქვეყნიური ძაძების. და მაინც რა არის სიყვარული? იქნებ საზღვარი, რომელსაც უნდა გადააბიჯო, საზღვარი დავიწყებასა და წარუშლელ მოგონებად ქცევას შორის სამყაროს სულში, იქნებ ამპარტავნება, ო, არა არა სიყვარული ყველაზე დიდი უბრალოებაა, უბრალოება რომელიც ღმერთთან გაახლოვებს, და დიახ თავად ღმერთია სიყვარული, სიყვარული ღმერთია და სულში ყვავის... სიყვარული სინდისია ორი სინდისი ერთ სულში, სიყვარული სიკვდილიც არის, ყოფიერების სიკვდილი შენ არსში... სიყვარული პროცესია, როდესაც ეშმა ქედს იხრის ღმერთის წინაშე... სიყვარული გახსენებაა, იმის გახსენება, რომ განთიადი იყავი და მწუხრის სიფიცხე ბინდკრულ ღარებს მზის სხივებით ამოგიკემსავს და დაცლილ მხრებზე ლაჟვარდს მოგახვევს, როგორც სიცოცხლის რწმენას
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი