გაორება


შენ ქარაფებთან დაგიცდა ფეხი,
გადაერჩინე არ გსურდა შეშლილს,
სულს გამალებით გიმღვრევდა მეხი,
გარს გეხვეოდა ფესვები ვერხვის.
სხივებს ვეტრფოდი გონებით გლეხი,
და ვაშენებდი ჩვენ შორის ჯებირს,
ხმიად გულს გლეჯდა ყეფით ქვემეხი,
ფერიცვალება გახრჩობდა ფრთების.
ოხ, ეს სინესტე რწმენისგან გცლიდა,
ვით გაშინებდა დუმილი მარტის,
თითქოს სიფიცხე მწუხრის ზღურბლს შლიდა,
და ერეოდა მზის არფას გაცრილს.
ხაფანგს უგებდი თავს როგორც ნადირს,
ამ დროს კი ტანზე ზაფხული გეცვა,
სიცოცხლის სურნელს ბაგიდან დაცლით,
გვირწყავდი ფიქრებს, ეს რომ არ გეთქვა.
ღამე ინახავს გრძელ დიალოგებს,
ქარებთან განცდათ გაფრქვევა გცვლიდა,
იტევდი შენში სამყაროს ცოდვებს,
რომ ეს სილაჩრე გამოგესყიდა.
შენ ქარაფებთან დაგიცდა ფეხი,
მეც იქ ვიდექი შენში და შენთან,
და ვაღიარებ მე გკარი ხელიც,
არყოფნის ყოფის დასამტკიცებლად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი