ნოემბრის'ეული
ეგ თვალები ღმერთებივით მშორდებიან, და მსტუმრობენ კლდეს მიმწყდარი თოლიები, ვით ტალღები პოეზიით რისხდებიან, ვით კვეთავენ სულს წამხდარი გალიები. უსმინე ჰაერს, უსმინე რეკვას, ქარები ჩუმი ზრახვებით ყეფენ, უსმინე ღამეს, ნოემბრის განცდებს, ყინვით ანთებულ გაცემის წამებს. ანგელოზები ჯებირებს წნავენ, გაზაფხულისფერ სასწაულებით, და ეს თითები დემონებს ჰგავდნენ, ვმერყეობ ისევ გადაბირებით. და როცა სულზე მიწას გაყრიან, თითქოს თვალები იწვევდნენ სასჯელს, "მე გავგიჟდები" გაგიგონია? მსურს ყოფიერი არარა დამრჩეს. ეჰ აღმაფრენის ლოდინით კვდები, იქნებ თავად ხარ უკვე სიკვდილიც, რადგანაც გესლის ვერ ძღები ხვრეპით, თვითმკვლელობას გმობ და თავს უკვდები. ეგ თვალები ღმერთებივით მაცვდებიან, ილუზიით შემრჩენია განთიადი, აქ ლაჟვარდნი არასოდეს სრულდებიან, თუ სამყარო არ ჩავწურეთ თვით ჰადესში. მაშინ მითხარ ჩემო მშლელო, გამაგონე, ათინათი სად ვეძებო, თუ კვლავ არის, გადარჩენა მინდოდეს თუ გაგაკვირვო, ჯოჯოხეთი აქ არის და სიკვდილია გასახარი, ჰე გამთელეთ, გოლგოთის ჯვარს ვემსგავსები, სიშმაგისგან პილატობა გავამჟღავნე, დავიწყება ჩემშია და შენ ვერ გჯაბნის, გთხოვ მზემკვდარი ჩემში ბავშვი გაამართლე...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი