მე არ ვარ ღმერთი
მე არ ვარ ღმერთი, არც ეშმაკი და არც ქურუმი, მე დაცემული ღრუბლების ტყვე ვარ, ჩრდილო ციალის მოტრფიალე, ზაფხულის ნამი, გარდასულ მზეთა, მომაკვდავთა სხივების სევდა. ნისლშემოსილი სარკმელების საყრდენს დავეძებ, და უფრო მეტად მიმძაფრდება გაცემის განცდა, სიო თვით უტყვი მელანქოლიკს თავს არ მანებებს, როს თვით ლაჟვარდში აგონიის ბურუსი ჩადგა. სული სად არის?! ცისკრის მიჯნურთ დაცლილი ეძებს, რომ უპატრონონ მდუმარების სალბუნი მოსავთ, უთხარით ვინმემ, პოეზიით ღმერთის კვალს ვეძებ, და ვერ ვძლებ გესმით? სიმყარის ლანდს ჩადრად ვიმოსავ. ანარეკლები გუბურებში, ჩამხრჩვალი სივრცე, მევიოლინის გულს ბგერებით ოცნება ლესავს, და ვინ ვარ მითხარ? ან რად გინდათ, რომ ოდეს ვიქცე, საკუთარ თავთან გადარჩენის სარკაზმი მგესლავს. ბრმა ჰორიზონტზე დაგეშილი ტალღები ყეფენ, მიქცევ-მოქცევამ ბავშვობიდან სიბერედ გამცრა, ეს მდუმარება, ვერ ნათქვამი ფიქრები შეწყდნენ, შემომაცვდება იმედი და თითები ნამქრავს. დღეს ალმოდებულ მწუხრის ჩადრზე სიშიშვლე მეფობს, და გაქცეული შთაგონება ყორნის სულს ირგებს, არ მინდა ტახტი და არც სკიპტრა ძღვენად რომ მერგოს, ისედაც ვიცი სიკვდილი, რომ ამ ხელს მომიგებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი