სულში შემოდგომა აშრიალდა,
სულში შემოდგომა აშრიალდა, სევდამ წარიტაცა ოცნებები, ქარში მოფარფატე მანდილი და ნესტში დახრჩობილი ყრუ ქუჩები. ფიქრში ოკეანე გადავლახე, ო, რა მარტივია ილუზია, მოდი დაცლილ მხრებზე მომეხვიე, მძიმე ღიმილმა რომ წააქცია. აღარც სამსჯავროსკენ მივიჩქარი, აღარც თოლიები მომელიან, წუხელ მეზმანა რომ მივფრინავდი, და კვლავ დემონები გამძიძგნიან. ვგდივარ უძრაობის ცხრაკლიტურში, მწუხრი ბინდით მმოსავს, დილა ნისლით, ვრჩები წაბილწულთა სამეფოში, თითებს ვაკვირდები მკითხავივით. წადი, მლიქვნელ ხმათა გუნდი მღერის, სხივებს ნუ დაეძებ გაგყიდიან, წადი, კვალი არ ჩანს სულიერის, შენს გულს მხოლოდ მხეცნი ერევიან. ვდუმვარ და კივილი მუნკსაც აკრთობს, წადითი, ეს ხელები ნამტვრევია, გასწით, შთაგონება ცოცხლად ალპობს, ეს კი შეწირულთა პორტრეტია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი