" დარაბებს მიღმა გაზაფხულია"
თეთრი ღამეა, თეთრი ლექსი რომ ამაღელვებს, ვით მონოლოგი, ჩემს კარიბჭეს მომდგარი ბრბო და კვლავ მოლოდინი განთიადის, ბედნიერების, ფიქრთა ქარცეცხლში ამოსული შემკრთალი იაც. და არაფერი, მხოლოდ განცდა "ეჰ მომავალი"... ალმოდებული, ჩაუმქრალი ქუჩის სიფიცხე, ქართა რითმებში დაკარგული მისამართები, თვალებს მიმწყდარი, განდეგილი ცრემლები ღართან. დარაბებს მიღმა გაზაფხული რომ დავინახო, გესმის მეეტლევ, შეაჩერე გზას ავცდით მრავალს, გზაჯვარედინებს დროის მწუხრი არ შეესიოთ, იქ შეაჩერე, ხედავ საყდარს, ძალა არ დამრჩა. მსურს შევისვენო, უფლის მადლი შემეხოს გულზე, გესმის მერანო აღარ გასცდე ,აღარც ერთ საზღვარს, ათაიათასი წელიწადი და უფრო მეტიც დავეძებ შენს კვალს, ბედნიერებას, მხოლოდ ერთხელ , რომ გავიღიმო. სად დამეკარგა მაპოვნინეთ, ქუჩაში, კლდეში, უფალო მე ვგრძნობ, გესმის? ვხედავ მაგ თვალთა კიაფს, ყოველ ნაბიჯში შემეტყობა გყიდიან ვერცხლით, მაგრამ მე აქ ვარ, თეთრ ღამეებს რომ ისევ ვძერწავ.. და არ დაგეძებ, შენ მერანო და შენც მეეტლევ, მე ხომ სიტყვებად გადავთარგმნე ყოველი განცდა, მე შენ გრგძნობ ღმერთო, გესმის როგორ მოჰკივის ქარი, მილეწავს სარკმელს და ნათდება, ცა მოშიშვლდება. ხედავთ თვალებო, ჩაკარგულნო ნაოჭთა შიგნით, მრავლად ჩანჩქერი აცოცხლებდა თქვენს გამხმარ ბაგეთ, გთხოვთ გაიხედეთ, იქ ნათება სადღაც ხომ მოსჩანს, დარაბებს მიღმა გაზაფხული ხომ ხედავთ მოსჩანს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი