სასთუმალზე დალაქული სული


ნუთუ ვერ ხედავთ ღმერთს, რომელიც დედამიწის სასთუმალთან მუხლმოყრილი ზის,
ნუთუ არ გესმით მისი ფიქრების ჭრიალი,
ღელვა, რომელსაც ღამით თვალს ვუხვევთ,
მე ფორიაქით გამომთვრალი ჯერ კიდევ ნათელს ვხედავ,
გარეთ ურძეო მყინვარები აპათიით იხორცებენ ჭრილობებს,
თუმცა იციან, რომ ეს გზა განგრენამდე მიიყვანთ.
ჩვენ ყოველ დილით ბალიშზე ვტოვებთ სულს და ჩვენივე თავიდან ვდგებით...
შებინდებისას კი ძალაგამოცლილები მრისხანებით ვეუფლებით სინდისს, რომელიც იმ დილით სასთუმალზე მივატოვეთ ...
ღმერთის დაკოჟრილ მუხლებს ვენაცვალე, 
მუხლებს, რომლებმაც თქვენი წამოდგომისათვის ტერფები დათმეს,
კაცობრიობა, შენ კი უბრალოდ პირველ სხივზე გაღვიძება დაიგვიანე,
მაგრამ არც ახლა ცდილობ წამოდგე და ეზიარო ლაჟვარდს,
ლაჟვარდს, რომელიც შენდობად იქცა,
თითქოს ღმერთი გამთენიისას უსასრულო შანსებს გვჩუქნის,
სიყვარულის გადასარჩენად...
გამოიღვიძეთ...
თუ თქვენ იგრძნობთ დედამიწის სასთუმალთან მუხლმოყრილი ღმერთის გალობას, 
გევედრებით გამოიღვიძეთ და სულში ჩაიკარით,
რომ ამის შემდეგ სულთან ერთად რწმენაც თქვენი განუყრელი მეგზური გახდეს...
მე მჯერა, რომ ჯერ კიდევ შეგვწევს სიყვარულის უნარი,
ამიტომ 
გევედრებით ,
ნუღარ დატოვებთ სასთუმალეზე სულს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი