სინათლე ლაზარეს თვალებში
იცი, განთიადი როდის არის მშვენიერი ?! როცა მას ადამიანის თვალებში ხედავ... *** თუ თქვენ ოდესმე ღრუბელთა ზიარება გიხილავთ, მაშინ გიგრძვნიათ ღვთაებრიობა. უფლის მათარიდან ზეცაზე დაქცეული ღვინის წვეთები, თითქოს მწუხრის აგონიიდან გამოქცეული სამყარო ზიარებით იხსნის შებოჭილ სულს. წამიერი გაელვება და დაიბერტყავენ ღრუბლები მშვენიერებას, რჩება მხოლოდ უღიმღამო ნატურმორტი. მარინისტისთვის ნაცნობი შემთხვევაა ალბათ. მას მრავლად გაუთევია ღამე ზღვის პირას გარდამტეხი წამის დასატყვევებლად თავის ნამუშევრებში, მაგრამ თვალწარმტაცი სანახაობით შეპყრობილი შთაგონებას უსახსოვრებდა ვერ აღწერილ, მაგრამ დამატყვევებელ წამს. ბუნება საუკეთესო მაგალითია ადამიანის შინაგანი სამყაროს ასაღწერად და ახლა, როდესაც განთიადის ღვთაებრიობაზე ვსაუბრობ, მახსენდება სული, რომელიც სიხარულისგან მინიჭბულ რწმენას ისე ეჭიდება, როგორც დედამიწა აისს, თითქოს მარადისობის ცნებაში დასარწმუნებელ მიზეზს ეძებდეს, როგორც ადამიანი მისი არსებობის ღირებულებაში. და მაინც, ყოველთვის არსებობს_მაგრამ... ბუნების სიფერმკრთალე, როგორც ყოფიერებაში გაბატონებული გულგრილობა, შეგვიძლია აღვიქვათ ხილული და აბსტრაქტული სამყაროების საერთო ტკივილად. ეჰ, ალბერ, იქნებ სჯობდა შავი ჭირი აპათიას... სექტემბრის გრილი დილა, სარკმელს ფაროსანები აწყდებიან, ღამურები სტვენით ღიღინებენ ძილისპირულს, ფოთლები ღრუბლებს აჰყოლიან და შრიალებენ, დედამიწა იღვიძებს, მაგრამ ძილს მეტად ნატრობს, მეეზოვეები ქუჩებს ფეხაკრეფით ასუფთავებენ და ნაგავს ავტომობილებს ატანენ, თითქოს მომავალს წარსული შეცდომებისგან ასუფთავებენ , შორით ძაღლები ყეფას იწყენებ და მოსალოდნელ საშიშროებას ვაჟკაცური ყიჟნით აფრთხობენ, ჩემში შინაგანი მხურვალება და წუთისოფლის სიფიცე ერთმანეთს აბათილებს და ვრჩები უბრალოდ არაფერი... სიცარიელე... დროისშეგრძლებადაკარგული ჟამთააღმწერელი... - კიდევ დიდხანს აპირებ ასე ყოფნას? მეკითხება ოთახში ბარბაცით შემოსული ბაბო, რომელიც თან თვალებს ისრესს, თან რიტმულად ეყრდნობა კარის სახელურს. არ სურს შეიმჩნიოს ასაკი, ამიტომ ხელჯოხს არ იყენებს და ასე ნელ-ნელა ათრთოლებული, ხელის ცეცებით დაფუსფუსებს დროით ფერწამხდარ კედლებს შორის... - ადექი შვილო ხომ ხედავ მზის კოკრები გაიფურჩქნა, ქალაქი ახმაურდა. მომიახლოვდა, სახეზე თითები ჩამომისვამ იქნებ დამლოცა ან ჩემი ნაკვთების დამახსოვრება სურდა , თავშალი მხრებზე ჩამოიგდო და ღია სარკმელს გაუსწორა თვალი... - შეხედე, რა მშვენიერია ალიონი, სამყარო წახდა მაგრამ ლაჟვარდის სათნოება ვერაფერმა დაჯაბნა. შვილო, რატომ დუმხარ ? დილა მხიარულებით უნდა დაიწყო, რომ ეს დღე შენთვის ბედნიერების მომტანი იყოს. ეჰ, ნეტავ შენი მშობლების მზე ასე მალე არ ჩასვენებულიყო ... კარგი შვილო, შენ გაემზადე მე სუფრას გავაწყობ. მიბრუნდა და ღარშივე ჩატოვა სულში მძვინვარე ქარიშხლები... *** მეტროში ჩავდივარ და ცხოვრების რუტინას მივყვები, ქვეგრიალა ჩემთვის ყველაზე მყუდრო ადგილია, სივრცე სადაც ფიქრისთისთვის განსაკუთრებული ატმოსფეროა. მატარებელიც ხომ დროის ქმნილებაა, რომელიც თვად მიუძღვის მას . ვაგონის კუთხეში ვდგავარ შეუმჩნევლად, ყოფიერების კლანჭებში მოქცეული ადამიანი, როგორც სხვები და უღიმღამო არსებობისგან თავის დაღწევაზე ვოცნებობ, აკვიატებული ფრაზა გონებას მიღრღნის _ არარობა მძლევს და ვვარდები, საძიძგანდ ყორნებს აღარ ვწადივარ. ზოგჯერ მგონია, რომ ადამიანები პეპლები ვართ მიწისძვრის ეპიცენტრში და აფრენა არ შეგვიძლია. ვდაგვარ სიცოცლისგან მოშორებით კლონთა გარემოცვაში შეპყრობილი აზრით, რომ არარაობა ვარ, იმდენად დიდი არარაობა რომ არაფერს ვაკეთებ საკუთარი თავის ამ მდგომარებიდან გამოსაყავნად. აბსტრაქტული სამყაროთი შეპყრობილს წუთისოფლის ხმები მაფხიზლებს და ვამჩნევ ორმოცწლამდე მამაკაცს, რომელმაც ვაგონში მძიმედ შემოაბიჯა და ესპანური სატრფიალო სიმღერების შესრულება დაიწყო. ცოტა არ იყოს მეუცხოვა, რადგან არასდროს შემხვედრია, თან ქართული ფოკლორი მეტად ჟღერდება ხოლმე მეტროში. მოულოდნელად უცხო ქალბატონი თვალშისაცემად წამოხტა ადგილიდან, ცეკვა-ცეკით მიირბინა მუსიკოსთან და კალათაში ხურდა ჩაუგდო , გაუღმა ისე, რომ ხალხს ხალისი შეემატა, მასში არტისტიზმი ჰყვაოდა, შემდეგ დარწმუნდა , რომ ხალხი გამოაფხიზლა, თითქოს მოვალეობა პირნათლად შესარულაო და უმალვე ვაგონიდან გაუჩინარდა... ვისმენდი ესპანურ ბალადებს და მასზე ფიქრი არ მშორდებოდა, თითქოს ნათელი დავინახე ამ სამყაროში. ნათელი, რომელიც ჩემი სულის ჩარაზულ დარაბებში სინათლეს ატანდა... მეორე დილით მე გავაღვიძე ბაბო, კალთაში თავი ჩავუდე და დავუთქვი, რომ ძველ პირობას შინ დაბრუნებისას ავუსრულებდი. გამიღიმა, დაწნულ თმებზე ხელი გადამისვა და მითხრა: მიხარია შენ მაინც , რომ ასრულებ დაბრუნების პირობებსო. თითებზე ვუყურებდი, დროით დაკოჟრილ თითებზე და ვუმეორებდი, რომ ყველაზე მშვენიერია, რომ უფლის მადლია მისი ხელები, რომლებსაც ყოველთვის შეუძლიათ ჩემი განკურნება, ჩემში დაცემული ანგელოზის ამაღლება... *** მეტროსკენ მივისწრაფი, თან ვცდილობ გავიხსენო რომელ ვაგონში გადავეყარე უცნობ არტისტს. გადავითვლი ვაგონებს და ისევ ვიბნევი, საბოლოოდ კი ბედს მივენდობი. დინების მიყოლას დიდი ხანია მივეჩვიე, სულზე დახეთქილი მორებიც ვერ მაშინებენ და ვერც ილუზიის სიმყარით აშენებული კედლის ნარჩენები. ვთვლი, რომ ადამიანის ყველაზე დიდი შეცდომა დანაბებაა, რადგან მას ისე ძლიერ შეუძლია შეჩვევა, რომ ფუნქციადაკარგულ არსებას ემსგავსები... შევაბიჯებ ვაგონში სასწაულის მოლოდინში და არაფერია, ის აქ არ არის. კვლავ კუთხეში ვდგები და მისი ხილვის იმედს ვკარგავ, ამღვრეული ვარ , მოუთმენლობა მიპყრობს, ვფეთიანობ, ხალხში მის თვალებს ვეძებ. თითქოს გარშემო სიბნელეა. ოკეანეში ჩასაძირად განწირული ნავი ვარ და შუქურის გაფანტულ სინათლეს სიცოცხლის დაუოკებელი სურვილით დავეძებ, თითქოს ბრბოს ნაწილი ვარ, ბრბოს , რომელიც ცხოვრებას ფერთა პალიტრისგან ანცალკევებს და არსებობად აქცევს, მე კი მშვენიერების დანახვა მსურს, არა სტერეოტიპებით გათვალისწინებული, არამედ უსაზღვრო, შთამაგონებელი, შეუფასებელი მშვენიერების, რომელიც თავისუფალი შინაგანი სამყაროს ქმნილებაა და არა ტენდენციების. იმპულსურად გამოვდივარ ვაგონიდან და შინ ვბრუნდები, შურდულივით მივრბივარ სახლისკენ, თითქოს სადაცაა ცაში ავიჭრები და ფრთებს შევისხამ, მაგრამ სულიერი სიმძიმე ძირს მანარცხებს. ბაბო გაშეშდა ჩემი დანახვისას ... - რა ხდება ბაბო გენაცვალოს, ასე მალე რატომ დაბრუნდი ? - არაფერი, უბრალოდ ლექციები მიცდება, ამიტომ აივანზე გავიდეთ ჩვენებურად და დაპირებულ ლექსებს წაგიკითხავ. მაშინებდა ის ფაქტი, რომ ჩემი სტრიქონები მელანქოლიის მორევში იძრებოდა, მეშინოდა ამას ბაბოს რწმენაზე არ ემოქმედა, მისი დაკარგვის მეშინოდა. უცებ შემაწყვეტინა და მითხრა: - ზეცაზე ვარსკვლავებს შორის არ დაიწყო ღმერთის ძებნა, უბრალოდ გულში ჩაიხედე, ღმერთი სიყვარულია. გულზე ხელი დამადო და განაგრძო... - სიცოცხლე სასწაულია შვილო, შენი გულის ფეთქვაც სასწაულია, უფლის წყალობა, ამიტომ არასდროს დაკარგო რწმენა ღმერთის და საკუთარი თავის, ღმერთი არასდროს დაგტოვებს, რადგან ის შენი ნაწილია... კალთის ჯიბიდან პატარა წიგნაკი ამოიღო, ჯერ აკვირდებოდა ჩაფიქრებული, შემდეგ გადაშალა და ამოიკითხა: - გთხოვ დამიხსენი, გთხოვ გამიხსენე, სული შთამბერე, ვით ქანდაკებას... შენი მშობლები , რომ გარდაიცვალნენ ტკივილმა რწმენა წამიხდინა, მაგრამ შემდეგ შენ იქეცი ჩემს საყრდენად, სულში კელაპტრები ამიგიზგიზე, და დღემდე ვერაფერმა შეძლო მათი ჩაქრობა, შენც უნდა დაინახო შვილო სასწაული, რომლითაც უფალი სიცოცხლის ღირებულებაში გვარწმუნებს. ჩამეღიმა, ბაბოს შუბლზე ვაკოცე, წამოვდექი, ვუთხარი, რომ სასეირნოდ მივდიოდი. ვიგრძენი პიჯვარი როგორ გარდამსახა კარში გამოსვლისას. მივდიოდი და ვიღიმოდი, განვიცდიდი რაღაც ამოუცნობსა და ამაღლებულს. ვაგონში შევედი, კვლავ კუთხეში დავდექი და მე ის დავინახე. შუაში მოკალათებულიყო და მგზავრებს ხატავდა, თითქოს მისი სული ყვიროდა _შეჩერდი წამო, ალბათ ამით ეუბნებოდა პორტრეტებზე აღბეჭდილ ადამიანებს შეხედეთ და გაიხსენეთ ეს წამი, როდესაც სევდა თუნდ ბედნიერება ილექებოდა თქვენს სახეებზე და მიხვდებით ადამიანობის ფასეულობას, რომ ყოველთვის შეგიძლიათ განიცადოთ შინაგანი ფერიცვალება, რომელსაც აღმაფრენამდე მივყავართ და რომელიც თქვენს არსებობას საოცარ თავგადასავალად აქცევს... ვუყურებდი და ვხვდებოდი, რომ მე სასწაული დავინახე, ხილული ადამიანი, რომლის თვალებმაც არ დაკარგა ქველი ბრწყინვალება და ბავშვური სილაღე. გარშემო ყველაფერს ხიბლი ემატებოდა და პირველად ვიგრძენი რომ ვსუნთქავდი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი