ფეხმოტეხილი კარადა
ფეხმოტეხილი კარადა მინდა ვყვიროდე, რომ მყარი კლდე ვარ და ამ სიტყვების თავად მჯეროდეს. ავიკვიატე ეს ფრაზა ფსალმუნივით თითქოს ასე ღმერთი ჩემ ტკივილს შეისმენს და გამამათელებს. ჭაობში მდგარი ალვის ხე ვარ, რომელიც მზეს წვდება, მაგრამ მზე ვერ სწვდება მის ფესვებს, რომ ამოაშროს ნესტისგან დაწყლულებული ფიქრები სიცოცხლეზე. სიბერის არტახები გაგლიჯე თევდორე, ვუმეორებ ჩემ თავს მთელი ჟინით. ვიცი, რომ შენც გაქვს გულის სიღრმეში შერჩენილი სიყმაწვილე, როგორც შემოდგომით ხეები ინახავენ ხავსმოდებულ ფოთლებს მიღმა ხასხასა მწვანე ფოთოლს, აღმაფრენის მოგონებად. უცებ ვხვდები რომ ჯაფის ხურჯინი დავცალე. ეჰ, რა ულმობელია ადამიანი, იმდენად, რომ საკუთარ თავსაც არ ინდობს. - ბაბუ გთხოვ ოთახიდან არ გამოხვიდე ჩემი მეგობრები მოდიან... უნდა მეთქვა კარგი შვილო-თქო, მაგრამ ჩემი ვერშობილი სიტყვები მიხურვისას კარში მოჰყვა. უცებ ბრაზი მომერია, ამას ვინ გამიბედავდა მე ხომ პოლკოვნიკი ვარ, ახლა წამოვდგები და მე შენ... და რას გიზამ ნეტავ... ვერც წამოვდგები და ჩემ წოდებაზე მხოლოდ კედელზე მტვერდადებული მედლები მეტყველებენ. კედლებს გულზე მიუკვრიათ. ალბათ ხვდებიან, რომ დიდი საქმით მოპოვებულმა ამ მცირე ნივთებმა შექმნა სახლის სიმყარე, მაგრამ ადამიანთან სიმყარე რა მოსატანია. ადამიანი ოკეანეში მზის გულზე აშენებული სახლია, რომელსაც მიქცევ-მოქცევა ალპობს, მზე კი ჯიუტად ცდილობს ამოაშროს კედლები, როგორც დაწყლულებული ფიქრები. კარს მიღმა ქაოსი დუღს... მოვიდნენ ტეოს მეგობრები . ტეო ზემოთხსენებული ჩემი შვილიშვილია, რომელსაც იუსტიციის სახლი სცნობს, როგროც თევდორე ფიცხელაურს. მისი დაბადებისას გასროლილი თოფის ხმა ახლაც ჩამესმის. დიდი პატივი იყო მაშინ ჩემი შვილიშვილობა, ახლა კი ესირცხვილება თითქოს სსრკს დროშა ბერლინამდე ჩვილივით არ მეტარებინოს, ჩემი სისხლით არ ყოფილიყოს შეღებილი, როცა რაიხსტაგზე ფრიალებდა. ადრე სხვაგავარად იყო ყველაფერი, კაცი ერთხელ დამტკიცებული სიმამაცით და ღირსებით მთელი ცხოვრების პატივისცემას იხვეჭდა. ახლა კი მუდმივად მტკიცებაა საჭირო, რომ რაღაცად მიგიჩნიონ. ჩემი დიდება ამ საუკუნის ჩარხში მოყვა და წარსულიდანღა მიყეფს წამოდექი შეგიძლიაო. რა ხანია ასე ვარ, მივშტერებივარ ერთ ადგილს უსიტყვოდ. თითქოს ველოდები სადაცაა ამ კედელში ჩემი ლინდა გამოიკვეთება, ხორცშესხმული ანგელოზივით მომევლინება კიდევ ერთხელ და გამახსნებს საიდან მქონდა ასეთი ძალა, რომ ომიდან შინ მშვიდობით დავბრუნებულიყავი. საოცარია ადამიანის მეხსიერება ლინდას სიბერეს ვერ ვიხსნებ, სახეს, რომელიც სიმშვიდეს მგვრიდა. ახლაც იქ ვარ თითქოს, შორს ხატობაში და ჩემს თვალწინ ანგელოზი ჯეირანს ცეკვავს, ჯერ კიდევ კვირტი, რომელიც სადაცაა აყვავილდება. ცეკვის დროს ხელებს ცისკენ რომ აღაპყრობდა ასე მეგონა მის ხელისგულებზე ზეცის გამსკდარი ბაგიდან მირონი გადმოდიოდა. ახლა ვხვდები, რატომ გადავრჩი იქ სადაც დაჭრილი მეგობრების ამბავს არ კითხულობდნენ, რადგან ეშინოდათ შემზარავი პასუხის. მე ლინდას მირონი მეპკურა სულზე. წასვლისას პირჯვარი გარდამსახა მეც ასე მოვიქეცი. ეს იყო ჩვენი ნიშნობა, რომელმაც ჩვენი სინდისი და რწმენა გააერთიანა. ეჰ, როგორ მინდა დავჯდე და ტეოს მოვუყვე ეს ამბები, ნეტავ ჩემ მემუარებს თუ წაიკითხავს და ბიბლიასავით გულში ჩაიკრავს. ზოგჯერ მგონია, რომ სახლში მდგარი ერთ-ერთი ძველი ფეხმოტეხილი კარადა ვარ და მოუთმენლად ველი როდის გამოაღებენ ჩემს უჯრებს. არა, შეკეთებას არ ვთხოულობ, მხოლოდ მტვერი გადაწმინდონ და იქ შენახული წიგნები წაიკითხონ, მაგრამ ალბათ მხოლოდ ლეგენდად დავრჩები მათ მეხსიერებაში ვინც ჩემსავით კვლავ ფიქრებით ისევ იქ, ტყვიამფრქვევების გარემოცვაში არიან და ხედავენ, რომ კვართივით ვიცავ დროშას, როგორც ჩემს ღირსებას. ისინიც გზის ბოლოში არიან და მათაც სურთ კვლავ სიმყარე იგრძნონ. შემოდგომა ვარ, გავიხდი ნაირფერ სამოსს, ხელაღმართული და შიშველი სულით შევხვდები ზამთარს, ყინვას აღსარებას ჩავაბარებ, ხოლო ჩემ იმქვეყნიურ ბედის სასწორზე ცოდვებს სიყვარული და მებრძოლი სული გადასწონის, რადგან სიცოცხლის სიყვარული წამითაც არ შემიწყვიტავს, სიყვარული კი ღმერთია, რომელიც სულში ყვავის და მჯერა ჩემი სული იქაც იყვავილებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი